ტერიტორიების დაბრუნების მიბმა საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე გულობრყვილობაა, რომელსაც ზოგიერთი ტვინმრუდე მოღვაწე არაკეთილსინდისიერად იყენებს საკუთარი თავის გმირად წარმოსაჩენად

კაცს მაშინ უნდა გაუწიო დახმარება, როდესაც კრიტიკულ მდგომარეობაშია. ასეა ქვეყანაც. უპირველესად, რაც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს არის ის, რომ თავი შეიკავოს ანტირუსული სულისკვეთების მატარებელი რეზოლუციებისთვის მხარის დაჭერისგან; საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთის ლანძღვისგან და მისთვის აგრესორის სახელის მიწებებისგან, მითუმეტეს მაშინ, როდესაც თვით ხელისუფლებამაც კარგად იცის 2008 წლის ომში ვინ იყო აგრესორი.

სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, თავიანთი ხელისმოწერით არ დაადასტურეს ევროკავშირის სპეცკომისიის დასკვნა, სადაც შავით, თეთრზე წერია აგრესიის დამწყების სახელი?

რაც შეეხება ოკუპაციას, აქაც ვიცით, რომ არავითარ ოკუპაციას, მითუმეტეს საქართველოს ყოფილი ავტონომიების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებას ადგილი არ ექნებოდა, სააკაშვილს რომ არ გადაედგა საბედისწერო ნაბიჯი და მედვედევ-სარკოზის შეთანხმების ტექსტიდან არ ამოეღო პუნქტი — თბილისსა და ავტონომიებს შორის მოლაპარაკების დაწყება, მათი სტატუსის განსაზღვრის მიზნით.

წამით წარმოვიდგინოთ, რა იქნებოდა, რუსეთს რომ ჩვენი ავტონომიები დამოუკიდებელ ქვეყნებად არ გამოეცხადებინა?! იქნებოდა ის, რაც იყო 2008 წლის ომის დაწყებამდე! — პერმანენტული პროვოკაციები რუსეთის საზღვრებთან — მოწყობილი სააკაშვილების მიერ.

რა გაეწყობა ქარაფშუტა, აგრესიული, გაუწონასწორებელი მმართველის ხელში ქვეყანა ზარალდება. ასეთმა, დააკარგვინა საქართველოს ქვეყნის ტერიტორიის მსუყე ნაწილები. შეიძლება თუ არა დაკარგულის დაბრუნება?

ეს კითხვა დღეს ისევ გააქტიურდა და რატომ?  უვიზო მიმოსვლისა და საჰაერო კომუნიკაციის აღდგენასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ იმედის ნაპერწკალი გააჩინა ქართველებში — დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების სახით.

თუ პუტინმა ფრენა აღგვიდგინა და ვიზებიც გაგვიუქმა, რა უშლის მას ხელს ყოფილი ავტონომიების დაბრუნებაშიო. ტერიტორიების დაბრუნების მიბმა საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე გულობრყვილობის გამოვლინებაა, რომელსაც ზოგიერთი ტვინმრუდე საზოგადო მოღვაწე თუ პოლიტიკოსი არაკეთილსინდისიერად იყენებს საკუთარი თავის გმირად წარმოსაჩენად — ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვებული გმირი სპორტსმენის სადარად.

პუტინის გადაწყვეტილებას ბევრი ქართველი იჩემებს, უფრო სწორად — პუტინმა რომ ხელი მოაწერა ბრძანებულებას — ეს მე გავაკეთებინე, ჩემი აქტიურობით, რუს პოლიტიკოსებთან მოლაპარაკებებით და მუდმივი შეხვედრებითო. და რახან ეს შევძელი, იმასაც შევძლებ დაკარგული დავაბრუნებინოო.

ცხადია ამას საჯაროდ არ ამბობენ, მაგრამ მიგვანიშნებენ, რომ შეძლებენ პუტინის მოთაფლვას. ღმერთმა ხელი მოუმართოთ, თუმცა მე, პირადად ასეთი ოპტიმიზმი არ გამაჩნია. თქვენ, პატივცემულო მკითხველო, არ გესიამოვნებათ ჩემი სკეპტიციზმი, მაგრამ, რომ იტყვიან დაჟეჟილს, გატეხილი სჯობს, ანუ ტყუილ დაპირებას, სიმართლის თქმა. სიმართლე კი ისეთია, ტკბილი ოცნების საშუალებასაც, რომ არ იძლევა და რატომ?

მოგახსენებთ. საქართველოს ხელისუფალთა, განსაკუთრებით შევარდნაძე-სააკაშვილის აგრესიული პოლიტიკის შედეგად აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ჯერ ფაქტიურად დაშორდა საქართველოს — შევარდნაძის წყალობით, ხოლო 2008 წელს, სააკაშვილის მიერ გაჩაღებული ომის შემდეგ — იურიდიულად.

შედეგი? რუსეთმა აღიარა ორივეს დამოუკიდებლობა და არა მარტო მან, არამედ სხვებმაც. მართალია, არც ერთი მათგანის დამოუკიდებლობა არ აღიარეს — აშშ, ევროკავშირს, გაეროში შემავალი ქვეყნების უდიდესმა უმრავლესობამ, მაგრამ ამას აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთისთვის დიდი თავისტკივილი არ გამოუწვევია. მათთვის მთავარი რუსეთის აღიარება იყო, მასთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება და მჭიდრო პოლიტიკურ-ეკონომიკურ-ჰუმანიტარული სახის კავშირების დამყარება.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

სტატია სრულად: “ისარი