ნებისმიერი სახის ძალადობაზე, საქმიანობაზე, რომელიც კონსტიტუციის ჩარჩოებს გასცდება, სახელმწიფოს მკაცრი და ადეკვატური რეაგირება ექნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ განაცხადა.
ბერაიას კითხვა დაუსვეს გივი თარგამაძის მიერ ერთ-ერთი მედიის ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც თარგამაძემ აღნიშნა: „ამათი იარაღით გადაგდება რომ გვდომოდა, ორიათასჯერ გავაკეთებდით, მაგრამ ქვეყანას ვუფრთხილდებით“.
ირაკლი ბერაიას განცხადებით, სახელმწიფოს შესაძლებლობებს არასათანადოდ აფასებენ.
„არ ვიცი, თარგამაძეს საკუთარი თავი რა მდგომარეობაში როგორ წარმოუდგენია, ამ დეტალებში არ შევალ. ეს არის ამ ადამიანების რეალური სახე, ბუნება. ისინი ვერ მოქმედებენ, ვერ ოპერირებენ დემოკრატიულ განზომილებაში, დემოკრატია მათი ოპერატიული განზომილება არ არის. ორიენტირებული არიან ძალადობაზე, ძალმომრეობაზე. ძალადობა არის ერთადერთი ელემენტი, რაზეც ფიქრობენ და ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთი საშუალება, როგორც აღიქვამენ, თუმცა ისინი არასათანადოდ აფასებენ ჩვენს შესაძლებლობებს, სახელმწიფოს შესაძლებლობებს, არასათანადოდ აფასებენ ქართველი ხალხის განწყობებს. ნებისმიერი სახის ძალადობაზე, საქმიანობაზე, რომელიც კონსტიტუციის ჩარჩოებს გასცდება, სახელმწიფოს მკაცრი და ადეკვატური რეაგირება ექნება“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
როგორც ბერაიამ აღნიშნა, საქართველო თარგამაძის ასარევი ქვეყანა არ არის.
„ამ ადამიანებს რეალური შესაძლებლობა რომ ჰქონდეთ, ქვას ქვაზე არ დატოვებდნენ. კარგად ვნახეთ, რას უშვებოდნენ ქვეყანას, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ. ვხედავთ, რა არის დღეს მათი სურვილი, სულისკვეთება, მაგრამ გარწმუნებთ, თარგამაძისა და მისი თანამოაზრეების ასარევი ქვეყანა ჩვენ არ გვაქვს. სახელმწიფო დგას თავის სიმაღლეზე, ამ სახელმწიფოს ჰყავს ინსტიტუტები, ძლიერი სამართალდამცავები, უსაფრთხოების სტრუქტურები. ნებისმიერი სახის ძალადობას და მცდელობას, რომელიც მიმართული იქნება ძალადობისკენ, ხელისუფლების დამხობისკენ, კონსტიტუციური ჩარჩოების მიღმა მოქმედებისკენ, სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური და მკაცრი რეაქცია ექნება“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.