პოლიტიკურმა ოპოზიციამ დავაფიქსირეთ ურყევი მხარდაჭერა და რწმენა, რომ ქართველი ხალხის სწრაფვა ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ, ადრე თუ გვიან განხორციელდება, მიუხედავად იმისა, რომ ამას ხელს უშლის ხელისუფლება და რუსეთი, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელ ხავიერ კოლომინასთან ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა და ხაზი გაესვა ნატო-ს ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის ევროატლანტიკური სწრაფვის მიმართ. მათ ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, რომ საზოგადოება, საქართველოს მოქალაქეები საქართველოს ადგილს ხედავენ ევროატლანტიკურ სივრცეში და კარგად ხედავენ, რომ მიუხედავად ძალიან სერიოზული დეზინფორმაციული კამპანიისა, ყალბი და ტყუილზე დაფუძნებული არაერთი პროპაგანდისტული გზავნილისა, რომლის სამიზნეც დღეს არის ქართული საზოგადოება, ნატო-სა და ევროკავშირის წინააღმდეგ გაჟღერებული არაერთი გზავნილისა, ქართველი ხალხი მყარად არის თავის გადაწყვეტილებაზე ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებით“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
მისივე თქმით, ნატო-ს მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ქართველი ხალხის ურყევი ნების მხარდაჭერა.
„ჩვენ მათ გავუზიარეთ ჩვენი შეშფოთება პუტინის გადაწყვეტილებაზე და რეაქციაზე, რომელიც ხელისუფლებას ჰქონდა ოკუპანტი სახელმწიფოს ამ მოქმედებებზე. იცით, რომ ჩვენთვის ეს არის შემაშფოთებელი, როდესაც ქართველი ხალხის ზურგს უკან, ქართველი ხალხის წარმომადგენლობითი ორგანოს, პარლამენტის ზურგს უკან, ფარულად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, რომლებიც წინ უძღოდა ორმხრივი ფრენების დაწყებას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ძალიან სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ცდილობს რა, შეცვალოს ხალხის ნებით განმტკიცებული და კონსტიტუციაში დეკლარირებული საგარეო კურსი. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, როგორც პოლიტიკურმა ოპოზიციამ, დავაფიქსირეთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა და რწმენა იმისა, რომ ქართველი ხალხის მიმართება და სწრაფვა ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ, ადრე თუ გვიან განხორციელდება, მიუხედავად იმისა, რომ ამას ხელს უშლის ხელისუფლება და რუსეთი“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს ვილნიუსის სამიტზეც.
„ჩვენ კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ვილნიუსის სამიტის ფარგლებში საქართველოს მხარდაჭერის დაფიქსირება“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.