რა დაჯდება ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის მშენებლობა და ვინ ააშენებს მას!?

ბათუმიდან ახალციხემდე გზის მშენებლობა იწყება.პროექტი 3 მონაკვეთადაა დაყოფილი და ჯამში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 47 კილომეტრიან გზას და 7 ხიდს. განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება.

ამ გზის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ მონაკვეთზე, ხულო-ზარზმის 42 კმ-იან მონაკვეთზე სარეკონსტრუქციო სამუშაოებს კომპანია Powerchina/Sinohydro შეასრულებს და 2 ზოლიან ასფალტ-ბეტონის საფარს დააგებს. პროექტს არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი (KFAED) 95 მილიონი ლარით აფინანსებს.

განახლებული გზა რეგიონისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მონაკვეთია, რომელიც სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს დააკავშირებს. კომპანია Powerchina/Sinohydro, რომელმაც ინფრასტრუქტურის სამინისტროს საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა, აცხადებს, რომ მზადაა მსგავსი სირთულის პროექტის ხარისხიანად შესრულებაზე აიღოს პასუხისმგებლობა. ამ ეტაპზე კომპანიასა და სამინისტროს შორის ხელშეკრულების გაფორმების პროცედურები მიმდინარეობს.

Powerchina და მისი შვილობილი კომპანია Sinohydro ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანიაა ჩინეთში, რომელსაც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. 2009 წლიდან მოყოლებული, საერთაშორისო დონორების დაფინანსებით, „სინოჰიდრომ“ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა საქართველოშიც, მათ შორის იყო რიკოთის გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, 2010 წელს; ქობულეთის შემოვლითი გზის ლოტი 1 აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, 2011-2013 წლებში; ქობულეთის შემოვლითი გზის ლოტი 2 აზიის
განვითარების ბანკის დაფინანსებით, 2013-2018 წლებში; თბილისი-რუსთავის მაგისტრალი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, 2014-2016 წლებში და სამტრედია-გრიგოლეთის გზის ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა. კომპანიამ ყველა აღნიშნული პროექტი შესაბამისი სტანდარტების დაცვით, დათქმულ დროში დაასრულა. „სინოჰიდრო“ ამ ეტაპზე მუშაობს ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის ლოტ 1-სა და ლოტ 2-ზე, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პროექტი გაწერილ დროში დასრულდება.

წყარო: autobild.ge