რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების (CFE) დენონსაციის შესახებ, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„ხელშეკრულების XIX მუხლის თანახმად, თითოეულ მონაწილე სახელმწიფოს, თავისი ეროვნული სუვერენიტეტის განხორციელებისას, უფლება აქვს დატოვოს ხელშეკრულება, თუ გადაწყვეტს, რომ გამონაკლისმა გარემოებებმა საფრთხე შეუქმნა მის ინტერესებს“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებას 1990 წელს პარიზში ნატო-ს 16 ქვეყნისა და ვარშავის პაქტის ორგანიზაციის წევრი 6 ქვეყნის წარმომადგენლებმა მოწერეს ხელი. შეთანხმება ძალაში 1992 წლის 9 ნოემბერს შევიდა და მას ევროპის უსაფრთხოების ქვაკუთხედადაც მოიხსენებენ. ხელშეკრულება შეზღუდვებს აწესებს საბრძოლო ტანკების, ჯავშანტექნიკის, არტილერიის, მოიერიშე თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების რაოდენობაზე.