დღევანდელ პოლიტსაბჭოზე საუბარი გვექნება „ნაციონალური მოძრაობის“ როლზე კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიტსაბჭოზე ასევე განხილული იქნება ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საკითხი და ქვეყანაში მიმდინარე გამოწვევები.
„დღეს იკრიბება „ნაციონალური მოძრაობის“ არჩეული პოლიტსაბჭო და სამდივნო. ცხადია განსახილველ საკითხებში იქნება პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი, როგორ აგრძელებს პარტია მუშაობას, რა რეჟიმით უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის. ცხადია, საკითხებს შორის გვექნება ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევასთან, რომელიც მდგომარეობს რუსულ ხელისუფლებაში და ფაქტობრივად კრემლიდან მართულ ბიძინა ივანიშვილში და ბიძინა ივანიშვილის მიერ მართულ რუსულ პარტიაში და იმ საფრთხეებში, რომელიც მომდინარეობს ჩვენი ქვეყნისათვის. ასევე ცხადია, ჩვენ საუბარი გვექნება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი რომ უნდა მიიღოს ქვეყანამ, რა უნდა გააკეთოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მათ შორის, საგარეო მიმართულებით, როგორ უნდა ვიშრომოთ, რა სტრატეგია უნდა ავირჩიოთ, რომ ქვეყანამ მიიღოს დამსახურებული კანდიდატის სტატუსი და „რუსულმა ოცნებამ“ ვერ მოახერხოს წაართვას ჩვენს ქვეყანას ევროპული მომავალი. ეს არის ძირითადი საკითხები, რაზეც დღეს ვიმსჯელებთ და საზოგადოებას პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაცია ექნება“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.