თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის ჯონ კირბის განცხადებით, უკრაინამ აშშ დაარწმუნა, რომ ამერიკელებისგან მიღებულ შეიარაღებას რუსეთის ტერიტორიებზე თავდასხმებისთვის არ გამოიყენებს.
როგორც კირბიმ CNN-თან ინტერვიუში აღნიშნა, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ „როგორც პირადად, ისე საჯაროდ განუცხადა უკრაინულ მხარეს“, რომ მხარს არ უჭერს რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე შეტევებს.
„ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ მათთვის იმის მიცემა, რაც საკუთარი ტერიტორიების დასაცავად სჭირდებათ, თუმცა მხარს არ ვუჭერთ რუსეთზე თავდასხმას. ჩვენ ვეთანხმებით იმას, რომ უკრაინელებს აქვთ თავდაცვის უფლება. ჩვენ ვთქვით, რომ არ გვსურს წავახალისოთ ან ხელი შევუწყოთ თავდასხმებს რუსეთის შიგნით, რადგან არ გვინდა ძალადობის ესკალაცია იმ მასშტაბის მიღმა, რაც უკვე თავს დაატყდა უკრაინელ ხალხს.
მათ დაგვარწმუნეს, რომ არ გამოიყენებდნენ ჩვენს აღჭურვილობას რუსეთის წინააღმდეგ დარტყმების განსახორციელებლად, თუმცა, როგორც კი ეს იარაღი მათ ხელში გადადის, ის მათი საკუთრება ხდება“, – აღნიშნავს კირბი.