უკვე მეორე წელია, 29 მაისს „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის დღე“ აღინიშნება – 2014 ამავე სახელწოდების ორგანიზაციის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც 2014 წელს დაარსდა. ეს დაარსება, რა თქმა უნდა, არ იყო სპონტანური და მას თან ახლდა სსრ კავშირის დეზინტეგრაციის შემდეგ, ბუნებრივად წარმოშობილი რეინტეგრაციის პროცესი, რომელიც დღემდე გრძელდება ყოფილი საბჭოეთის ტერიტორიის (და რესპუბლიკების) დიდ ნაწილზე.
ინტეგრაციის სიღრმის თვალსაზრისით, ევრაზიის ეკონომიკური კავშირი (რუს.: Евразиийский Экономический Союз – ЕАЭС, ინგლისური აბრევიატურა – EAEU) მხოლოდ ევროკავშირს შეიძლება შევადაროთ, მაგრამ იქ 40-მა ქვეყანამ დაიწყო საერთო საბაჟო სივრცის ჩამოყალიბება ჯერ კიდევ 1960-იან წლებში. EAEU კი არის ძალიან ახალგაზრდა ეკონომიკური გაერთიანება, ის მხოლოდ რვა წელია არსებობს. EAEU-ში გაწევრიანებით სახელმწიფოებს არ ეზღუდებათ სუვერენიტეტი და ეს არის დიდი უპირატესობა ევროკავშირთან შედარებით. EAEU სახელმწიფოებს სთავაზობს ხელშეკრულებაზე მიერთებას იმ პირობებით, რომლებითაც სახელმწიფო იღებს აშკარა ეკონომიკურ სარგებელს ვაჭრობის, შრომისა და კაპიტალის თავისუფლების გზით, როდესაც უქმდება სავაჭრო ბარიერები, იხსნება კაპიტალისა და შრომის ბაზრები, იოლდება საქონლის ტრანზიტი და ამ ყველაფრის სანაცვლოდ წევრი-სახელმწიფო არსებითს არაფერს სწირავს, მით უმეტეს – სუვერენიტეტს.
EAEU-ში გაწევრიანებისას თითოეულ სახელმწიფოს აქვს ერთი და იგივე ხმა, მიუხედავად ეკონომიკისა და მოსახლეობის მოცულობისა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია: თუ EAEU-ს სახელმწიფოები შეთანხმდნენ რაიმეზე, ეს ნიშნავს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ითვალისწინებს ყველა მონაწილის ინტერესებს.
ცხადია, დღევანდელ მსოფლიოში, მუდმივად წარმოქმნილი გამოწვევებით, იქნება ეს ფინანსური კრიზისი, კლიმატის დღის წესრიგი თუ სანქციების ზეწოლა, რეგიონული ასოციაციები ყოველთვის უფრო სტაბილურია. EAEU არის თანაბარი სახელმწიფოების გაერთიანება, რომელიც დამოუკიდებლად წყვეტს კონსენსუსის საფუძველზე, რა არის რეალურად მნიშვნელოვანი ამ ქვეყნების ეკონომიკური განვითარებისთვის.
გამოთვლებმა აჩვენა, რომ კავშირის ქვეყნების ეკონომიკა ძალიან სერიოზულად გაიზარდა და „კოვიდის“ 2020 წელს მათ მოახდინეს იმ ეკონომიკური ვარდნის კომპენსირება, რომელიც მთელ მსოფლიოში აღინიშნა. კავშირის ყველა წევრი ქვეყნის კუმულაციური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2016–2021 წლებში 9,6% შეადგინა. აქედან თითქმის 0,7%, რაც 10 მილიარდ დოლარზე მეტია, ევრაზიული ინტეგრაციის წვლილია. მშპ-ის ნახევარ პროცენტიც კი სერიოზულ გავლენას ახდენს ეკონომიკაზე. და თუ გავითვალისწინებთ, რომ ბრძოლა მიმდინარეობს ეკონომიკური ზრდის ყოველი პროცენტისთვის, მაშინ ეს „თითქმის 0.7%“ არის ხელშესახები და მნიშვნელოვანი ინტეგრაციული ეფექტი.
პანდემიის ფონზე EAEU-ს ქვეყნების რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2,9%-ით შემცირდა. კავშირის ეკონომიკური კომისიის გათვლებით, გაერთიანების ინტეგრაციის ფაქტორის გარეშე ვარდნა 0,3%-ით მეტი იქნებოდა. 2021 წელს ინტეგრაციის ეფექტი იყო 0,12%. ერთი შეხედვით მოკრძალებული პროცენტი ფულად გამოხატულებაში 2,4 მილიარდი დოლარია. ევრაზიის ეკონომიკური კავშირი სწრაფად გაუმკლავდა პანდემიის ეკონომიკურ შედეგებს. წევრი-სახელმწიფოები არა მარტო მოერგნენ გამოწვევებს, არამედ გააუმჯობესეს ინდიკატორები გაერთიანების შიგნით: კავშირის მთლიანმა მშპ-ის ზრდამ 2021 წელს შეადგინა 4,5%, ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა გაიზარდა 32%-ით 2020 წლისთვის, $72,6 მილიარდამდე.
დასავლეთის მიერ დაწესებული ანტირუსული სანქციების და ამით გამოწვეული არასტაბილურობის განცდის ფონზე, მნიშვნელოვანია, რომ EAEU-ს სახელმწიფოებს შორის ადგილი აქვს ანგარიშსწორების წილის ზრდას ეროვნულ ვალუტებში. ახლა ეროვნული ვალუტების წილი EAEU ქვეყნების ორმხრივ ანგარიშსწორებაში 73%-ია. თუმცა ეს მაჩვენებელი ახლო მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.