ირაკლი ღარიბაშვილი – გვაქვს საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა, პოზიტიურ დინამიკას სჭირდება შენარჩუნება,

საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანაში საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება და პოზიტიურ დინამიკას შენარჩუნება სჭირდება.

ღარიბაშვილის თქმით, ამ ყველაფრის მთავარი განმაპირობებელია ქვეყანაში მშვიდობა და მთავრობის სწორი პოლიტიკა.

„საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. აპრილში გვქონდა 7,5 პროცენტი ეკონომიკური ზრდა, რაც მიმდინარე ძალიან რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე არის დამაიმედებელი, ძალიან კარგი და ძალიან პოზიტიური. იანვარ-აპრილში ჩვენი ეკონომიკური ზრდა გამოდის 7,3 პროცენტი, რაც ერთ-ერთი სამაგალითოა მთელ მსოფლიოში. ასევე მინდა, გითხრათ, რომ აპრილის თვეში 20 პროცენტთ გაზრდილია ექსპორტის მოცულობაც და წლის პირველ კვარტალშიც ტურიზმიდან მიღებული შემოსავალების ზრდამ 100 პროცენტს გადააჭარბა. ზრდა ფიქსირდება მშენებლობის სექტორში, საფინანსო, სადაზღვევო საქმიანობის, ტრანსპორტის, ინფორმაცია-კომუნიკაციის სექტორებში. ზოგადად, მთლიანობაში, ძალიან პოზიტიური დინამიკა გვაქვს და ამას სჭირდება შენარჩუნება. კარგად მოგეხსენებათ, ამის პირველი, მთავარი განმაპირობებელია ის მშვიდობიანი პერიოდი, რომელიც ჩვენ გვაქვს ქვეყანაში, მშვიდობა არის ამის მთავარი საფუძველი და სწორი პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი მთავრობა ახორციელებს. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ ბიზნეს-სექტორი გააქტიურებულია, ბიზნეს-სექტორში ბრუნვა პირველ კვარტალში საკმაოდ გაზრდილია. მინდა, მოვიყვანო ფაქტები, დაახლოებით 15 პროცენტით არის გაზრდილი პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა და 44 მილიარდი ლარი შეადგინა. ეს პირდაპირ პასუხობს ყველაფერს, რაც გითხარით, ასახულია პირდაპირ ყველაფერზე. ასევე, მინდა, ვთქვა, რომ გამოშვების ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ვაჭრობის ზრდამ, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, მშენებლობის, განთავსების საშუალებების და ასე შემდეგ. ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური დინამიკა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.