გაცილებით გაიზრდება ზეწოლა, რომ პრეზიდენტმა არ გამოიყენოს თავის დისკრეცია, რომელიც კონსტიტუციით აქვს მინიჭებული – თუ ზურაბიშვილს სურს გააგრძელოს მოღვაწეობა, როგორც დამოუკიდებელმა ფიგურამ, უნდა გამოიყენოს ყველა ბერკეტი ევროინტეგრაციის გზაზე ნაბიჯის გადასადგმელად, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების” მიერ გავრცელებული განცხადება მოწმობს მმართველი გუნდის მიერ ყველა ინსტიტუტის და ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკის უზურპაციას.
„ქართულმა ოცნებამ” გააკეთა განცხადება რაც გულისხმობს მათ მიერ სახელმწიფო ინსტიტუტების, ამ შემთხვევაში, ეროვნული ბანკის უზურპაციას. მოლაპარაკებებს რაც შეეხება, ალბათ პრეზიდენტმა უნდა განმარტოს, არის თუ არა ეს მოლაპარაკებები და ეხება თუ არა ეს სხვა საკითხებს გარდა ეროვნული ბანკისა, რადგან მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის პოზიცია და ჩვენ პრაქტიკულად აღარ დაგვრჩა არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც “ქართული ოცნების” პოზიციას არ იკავებს. როცა პრეზიდენტი აფიქსირებს “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო პოზიციას, ან ხელს უშლის თავის ვეტოთი ან განცხადებებით იმ უზურპაციისკენ სვლას, რაც არის დაბრკოლება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, ეს გამოიწვევს თავდასხმებს და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ გაცილებით გაიზრდება ზეწოლა ზუსტად იმ მიმართულებით, რომ პრეზიდენტმა არ გამოიყენოს თავის დისკრეცია, რომელიც აქვს კონსტიტუციით მინიჭებული. ამიტომ, თუ მას სურს გააგრძელოს მოღვაწეობა, როგორც დამოუკიდებელმა ფიგურამ, უნდა გამოიყენოს ყველა ბერკეტი, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგას ერთი ნაბიჯი,”- განაცხადა დეკანოიძემ.