კლიმატის ცვლილების კანონის მწვანე წიგნის თაობაზე საჯარო კონსულტაცია გაიმართა

კლიმატის ცვლილების კანონის მწვანე წიგნის თაობაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო კონსულტაცია გაიმართა.

მწვანე წიგნი წარმოადგენს პოლიტიკის დოკუმენტს, რომელშიც თავმოყრილია ინფორმაცია კლიმატის მიმართულებით არსებული სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობის, გამოწვევების, ვალდებულებების და მოსალოდნელი შედეგების თაობაზე. თსუ-ში მწვანე წიგნის საჯარო განხილვის ბოლო ეტაპი გაიმართა, რის შემდეგაც შეიქმნება კანონის თეთრი წიგნი.

პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ცნობით, უნივერსიტეტში შეკრებილებმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული „კლიმატის ცვლილება და საქართველოს ეროვნული პოლიტიკა“ ინფორმაცია მოისმინეს, რის შემდეგაც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წარმომადგენლებმა „საქართველოს კლიმატის ცვლილების მწვანე წიგნის“ პრეზენტაცია გამართეს.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, კლიმატის ცვლილების შესახებ კანონის პროექტის შემუშავება და მიღება იქნება ერთი მხრივ, ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ვალდებულების შესრულება, მეორე მხრივ, ეს იქნება კანონი, რომელიც ყველა იმ სამართლებრივი აქტის კონსოლიდირებას მოახდენს, რომელზეც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს. მასში ყველა ის საერთაშორისო ვალდებულებაა გაწერილი, რომელიც საქართველოს დეკარბონიზაციისა და კლიმატის ცვლილების ადაპტაციის კუთხით აქვს.

„კლიმატის ცვლილება ყოველდღიურად აქტუალური ხდება, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ცნობიერების ამაღლება და ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში ისეთი პროცესების ინტეგრირება, რომელიც ადაპტაციის პროცესს ხელს შეუწყობს. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ არ გვაქვს ერთიანი საკანონმდებლო აქტი, რომელიც განსაზღვრავდა ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების როლს კლიმატის ცვლილებასთან მიმართებით, ხშირად გვაქვს გარკვეული ბუნდოვანება პროცესებთან დაკავშირებით. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი იქნება კანონი, რომელსაც ჩვენ მივიღებთ და რომელიც იქნება იმ საკანონმდებლო აქტების მსგავსი, რაც პირველად ბრიტანეთში შეიქმნა და ბევრ ქვეყანას ჯერ კიდევ არ აქვს მიღებული. ამ კანონის საშუალებით ჩვენ ასევე გავზრდით საქართველოს პარლამენტის როლს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის მონიტორინგის კუთხით, რაც საპარლამენტო რესპუბლიკაში მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება“, – განაცხადა ბითაძემ.

მწვანე წიგნის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა ორგანიზაციების, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, დაინტერესებული პირები, განხილვაში ჰიბრიდულ რეჟიმში (ონლაინ ჩართვით) სპეციალისტები და ექსპერტები მონაწილეობდნენ.

კლიმატი ცვლილების კანონის მწვანე წიგნი პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, უესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) და გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა.