„გირჩი“ საკუთარ თავს პირველ ძალაში მოიაზრებს, მაგრამ, ზოგადად „ლელოს“ თუ მესამე ძალის შექმნა უნდა, მე მგონი თვითონ არ უნდა იყვნენ პოლიტიკოსები, თვითონ კარგად გამოსდით ფულის შოვნა, ბიზნესის კეთება და მოვუწოდებ, რომ „გირჩი“ დააფინანსონ თუ პოლიტიკური წარმატება უნდათ, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც „ლელოს“ ინიციატივას გამოეხმაურა.
„ასეთია პოლიტიკური წარმატების გზა და არა ის, თვითონ იყო მოედანზე და გოლის გატანა გინდოდეს, ზოგჯერ უბრალოდ საფეხბურთო კლუბია დასაფინანსებელი“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
„ლელომ“ „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯვნა გადაწყვიტა და ალტერნატიული გაერთიანების შექმნას აანონსებს. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხების გასაღები ისეთი გაერთიანების შექმნაა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ არ იქნება.
მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მთავარი დამარცხების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს.