ალეკო ელისაშვილი: თუ გვინდა, რომ „ქართული ოცნება“ გადავიდეს ოპოზიციაში, ამისთვის „ნაცმოძრაობის“ მიღმა ოპოზიციურმა ძალებმა უნდა შევძლოთ კონსოლიდაცია

„მოქალაქეების“ ლიდერი, დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ „ქართული ოცნების“ დამარცხების გასაღები კი არა, „ქართული ოცნების“ გამარჯვების გასაღებია.

„საქმე საქმეზე და რომელიმე პარტიის შემოხაზვაზე როცა მიდგება, ყველას ტკივილით ახსენდება „ნაციონალური მოძრაობა“ და აი, ესენი რომ მოვიდნენ, უფრო უარესს იზამენ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ „ქართული ოცნების“ დამარცხების გასაღები კი არა, „ქართული ოცნების“ გამარჯვების გასაღებია. შესაბამისად, თუ გვინდა, რომ რაღაც შეიცვალოს და „ოცნება“ გადავიდეს ოპოზიციაში, ამისთვის „ნაცმოძრაობის“ მიღმა ოპოზიციურმა ძალებმა უნდა შევძლოთ კონსოლიდაცია“, – აცხადებს ელისაშვილი.

„ლელომ“ „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯვნა გადაწყვიტა და ალტერნატიული გაერთიანების შექმნას აანონსებს. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხების გასაღები ისეთი გაერთიანების შექმნაა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ არ იქნება.

მანამდე კი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხების მთავარი გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს.