რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ სანქციებს არ არღვევს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
ჟურნალისტის შეკითხვას, გააუქმებს თუ არა რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლას, თუ თბილისი სანქციებს შეუერთდება, ზახაროვამ „შეკითხვის პროვოკაციულ-ჰიპოტეთური სტილი უწოდა“. მისი თქმით, რუსეთი არსებული რეალობებიდან გამომდინარე მოქმედებს.
ზახაროვამ, ასევე, აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება გარე ძალებს „გულზე არ ეხატებათ“.
„მშვენივრად იცით, ვისაც ვგულისხმობ. ჩვენ ხშირად გვესმოდა, რომ ეს ავიარეისები რაღაცა აკრძალვებს არღვევს. სინამდვილეში, ავიარეისები რუსეთსა და საქართველოს შორის არსებულ სასანქციო რეჟიმებს არ არღვევს. ამის მიუხედავად, აშშ-ის და ევროკავშირის წარმომადგენლები ზეწოლას ახორციელებენ და სუვერენულ სახელმწიფოებს ორმაგ სტანდარტებს თავზე ახვევენ, რაც რეგიონში არსებულ სიტუაციას ართულებს“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.
საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილება ვლადიმერ პუტინმა 2023 წლის მაისის ბოლოს მიიღო. 19 მაისს მოსკოვი-თბილისის მიმართულებით პირველი რეისი შესრულდა.