იაგო ხვიჩია: სანამ იდეები არ იქნება, მანამდე, ჩემი გაგებით, კონსოლიდაცია არ გამოდის.

თუ პოლიტიკაში შემოდიხარ, ინვესტიცია უნდა გააკეთო პოლიტიკოსებზე და არა საკუთარ თავზე, როდესაც პოლიტიკოსი არ ხარ, – ასე ეხმაურება იაგო ხვიჩია „ლელოს“ ინიციატივას ალტერნატიული გაერთიანების შექმნის შესახებ. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მისთვის არ არის საინტერესო გაერთიანება იდეების გარეშე.

„სანამ იდეები არ იქნება, მანამდე, ჩემი გაგებით, კონსოლიდაცია არ გამოდის. თუმცა, არსებობს ქართული ტრადიციული პოლიტიკური კონსოლიდაცია, სადაც მთავარი მიზანია პარლამენტში შესვლა და ამ იდეის გარშემო ხალხი იკრიბება. ჩემთვის არ არის საინტერესო ასეთი ტიპის გაერთიანება. ეს არის რაღაც ლოკომოტივის ძებნა, რომელშიც ჩაებმები. იდეებზე დალაგების კლიენტურა ცოტაა ქვეყანაში, უფრო სიის შევსების კლიენტურა ჭარბობს“, – აცხადებს ხვიჩია.

მანამდე ხვიჩიამ „ლელოს“ ბიზნეს-ლიდერებს მისი პარტიის დაფინანსებისკენ მოუწოდა.

„ლელომ“ „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯვნა გადაწყვიტა და ალტერნატიული გაერთიანების შექმნას აანონსებს. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხების გასაღები ისეთი გაერთიანების შექმნაა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ არ იქნება.