ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გუბაზ სანიკიძემ პირდაპირ ეთერში აღნიშნა, უახლოეს თვეებში დაგვიდგება მომენტი, როცა დასავლეთი და უკრაინელები ომის შემდგომი უსაფრთხოების სისტემების ამუშავებას დაიწყებენ, საქართველო აუცილებლად მოიაზრება, როგორც ერთ-ერთი მთავარი და სერიოზული შემადგენელი კომპონენტი საერთო უსაფრთხოებისა.
„ძვირფასო თანამემამულეებო, ვისით აპირებთ იგივე უკრაინელებთან დალაპარაკებას, ვინ უნდა იყოს ეს ადამიანი, რადგან ნებისმიერი პრობლემის მოგვარებას თავისი სახელი და გვარი აქვს.
აი, დღევანდელი ქართული პოლიტიკური სპექტრი რომ ავიღოთ, ვინ ჩავა კიევში, ვინ დაელაპარაკება ზელენსკის, ვინ არის აღმოსავლეთ ევროპაში ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე?
ვის მიმართ ინანიებს დღევანდელი ევროპული და დასავლური სპექტრი და ბოდიშს იხდის, რომ სააკაშვილს არ დაუჯერეს?
ძვირფასო პოლიტიკოსებო და საზოგადოებავ, ვისით აპირებთ ამის მოგვარებას? ერთადერთი კაცი უმაღლეს პოლიტიკურ ლიგაში არის სააკაშვილი.
ვიღაცებისთვის გასაგებად რომ ვთქვა, ფეხბურთში ხომ გვყავს კვარაცხელია, ასევე ქართულ პოლიტიკაში დღევანდელი მოცემულობით არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ერთადერთი კაცია დღეს მსოფლიო უმაღლეს პოლიტიკურ ლიგაში.
სხვათა შორის, ეს ახალი „ტრენდი“, რომ ახლები გვინდა, განსაკუთრებით ომიანობის დროს, არ მართლდება, ისევ ძველ პოლიტიკოსებს ეყრდნობიან და აგერ ჩვენი მეზობელი თურქეთიც ასე მოიქცა“. – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.