სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან არსებული ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა გამართა. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ სამი ახალი ორგანიზაციის მიერ ჯგუფში გაწევრიანების გამოთქმულ სურვილზე ინფორმაცია წარადგინა და ახალი სუბიექტების ჯგუფში გაწევრიანების ინტერესს მიესალმა, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მისი თქმით, ახალი ორგანიზაციების მიერ სამუშაო ჯგუფის გაძლიერება ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების მიმართულებებს კიდევ უფრო საინტერესოს და მრავალფეროვანს გახდის.
გივი მიქანაძემ სამუშაო ჯგუფის წევრებს ახალი თემატური მოკვლევის დაწყების შესახებ ინფორმაცია გააცნო. მისი განცხადებით, სპორტისა და ახალგაზრდულ კომიტეტში ახალი თემატური მოკვლევის ჯგუფი – „ლატარიების, აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე მოზარდებისა და ახალგაზრდების დამოკიდებულების პრევენციის და გამოჯანმრთელების პოლიტიკა: გამოწვევები და მოგვარების პერსპექტივები“ შეიქმნა, რომელიც მისი ხელმძღვანელობით იმუშავებს. თემატური მოკვლევის ჯგუფში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ეკა სეფაშვილი და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მოწვეული ექსპერტი გიორგი ბესელია იქნებიან წარმოდგენილი. რაც შეეხება ჯგუფის მიზანს, გივი მიქანაძის განმარტებით, თემატური მოკვლევის ჯგუფი ორი მიმართულებით იმუშავებს. ჯგუფის წევრები ერთის მხრივ, აზარტული და მომგებიანი თამაშების შესახებ პარლამენტის მიერ 2021 წლის ბოლოს მიღებული კანონის აღსრულების შედეგებს და პრევენციულ ღონისძიებებს გამოიკვლევს. მეორეს მხრივ კი, ახალგაზრდებში თამაშზე დამოკიდებულებას, როგორც დაავადების ერთ-ერთ სახეობას შეისწავლის. მისი თქმით, ლუდომანია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ უკვე აღიარა როგორც დაავადების სახეობა და საინტერესოა აღნიშნულთან დაკავშირებით თუ რა დამოკიდებულება და პრაქტიკა არსებობს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში. სამუშაო ჯგუფის წევრები ახალი თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნას მიესალმნენ და საკითხის მნიშვნელობა და აქტუალურობა აღნიშნეს.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა – საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე ახალგაზრდული სააგენტოს წარმომადგენლებმა მუნიციპალური პოლიტიკის გაძლიერების მიზნით, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრების და ახალგაზრდული პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის საქართველოს რეგიონებში გამართულ შეხვედრებზე ინფორმაცია მოისმინეს. აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდული პოლიტიკის გაძლიერების მიზნით, პარლამენტის წევრებმა აჭარის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და იმერეთის რეგიონებში შეხვედრები გამართა, სადაც როგორც მიღწეული შედეგები, ასევე მუნიციპალიტეტების წინაშე არსებული საჭიროებები და გამოწვევები განიხილეს. წარმოდგენილ ინფორმაციასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის წევრებმა მოსაზრებები გამოთქვეს და მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ახალგაზრდულ პროექტებში საკუთარი ორგანიზაციების ჩართულობასა და მათ მიერ განხორციელებულ სამუშაოებზე ისაუბრეს.
შეხვედრის დასასრულს სამუშაო ჯგუფის წევრებმა ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში მოსამზადებელ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია მოისმინეს. საკითხი შეეხებოდა რეგიონებში, მუნიციპალიტეტების დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მხარდაჭერის და ახალგაზრდული საბჭოების განვითარების მიზნით მოსამზადებელ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომლის მომზადება და ინიცირება საშემოდგომო სესიის პერიოდში იგეგმება.