ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, მათივე ლოგიკით რუსულ კანონზე თვითონვე აგრძელებს მუშაობას.
მისი თქმით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ურჩევს, ჩამოყალიბდნენ გამჭვირვალობის მიმართ რა დამოკიდებულება აქვთ.
„ჩვენ საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტთან მათი მხრიდან, ვინაიდან გამჭვირვალობა თუ ეხებათ მათ და ცალკეულ ორგანიზაციებს, რომელთა დაფინანსება გაურკვეველია, თან ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც ამავდროულად პოლიტიკური პარტიები არიან, ამ შემთხვევაში გამჭვირვალობა თურმე, არ შეიძლება და სხვა შემთხვევაში კიდე ცდილობენ გარკვეული საკითხების ინიცირებას. ვურჩევდი, ჩამოყალიბდნენ გამჭვირვალობის მიმართ რა დამოკიდებულება აქვთ და ასევე, მათივე ლოგიკით ისინი რუსულ კანონზე თვითონვე აგრძელებენ მუშაობას“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომელიც ქვეყანაში ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების სისტემის გაძლიერებას ითვალისწინებს. არასამთავრობო ორგანიზაციამ შესაბამისი კანონპროექტით პარლამენტს უკვე მიმართა.