ალეკო ელისაშვილი: ახლა რომ რაიმე ბლოკი შევქმნათ და გავერთიანდეთ, რა ვქნათ? ხელი ჩავკიდოთ და ხორუმი ვიცეკვოთ, თუ ზილინა?!

ძალიან ღიმილისმომგვრელია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება, რომ თურმე, ბიზინა ივანიშვილის დამარცხების გასაღები აქვს. რა, დაკარგეს ეს გასაღები?!, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

იგი ლევან ხაბეიშვილის მოწოდებას გამოეხმაურა.

„იმის ნაცვლად, რომ ახლა მაინც, მშვიდად, წყნარად, ერთმანეთისკენ ნაბიჯები გადავდგათ, იმ პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან წასვლა გვინდა, თუმცა, იმავდროულად, არ გვინდა „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება, ძალიან მშვიდად, წყნარად უნდა დავიწყოთ. ჯერ ძალიან ნაადრევია, რაიმე კოალიციასა და რაღაც კონსოლიდირებულ ოპოზიციურ გაერთიანებებზე საუბარი, რადგან ჯერ არჩევნები ნაადრევია. ახლა რომ რაიმე ბლოკი შევქმნათ და გავერთიანდეთ, რა ვქნათ? ხელი ჩავკიდოთ და ხორუმი ვიცეკვოთ, თუ ზილინა?! ადრეა! რატომ უნდა შევიკრიბოთ, მაგალითად „ლელოს გარშემო და ასე შემდეგ?! ეს არ მომწონს და ეს სიყმაწვილის სენია, რომელიც გამოყოლილი აქვს სამწუხაროდ, „ლელოს“, – განაცხადა ელისაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ფაქტორი ოპოზიციურ სპექტრში აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი გახდა. ვიდრე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები 2024 წლის არჩევნების სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდებიან, წინასწარ ცნობილია, რომ ნაწილი „ნაცმოძრაობას“ პირდაპირ ემიჯნება.