მთავარი პრობლემა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე არის ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ და ამიტომ, დარწმუნებული ვარ, შეხვედრაზე მოხდებოდა ამ საკითხების განხილვა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რითაც გერმანიაში, ქვეყნის კანცლერსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის გასულ კვირას გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა.
„გერმანიის სახელმწიფო კანცლერთან შეხვედრა მნიშვნელოვანია და ალბათ, ღარიბაშვილი და „ქართული ოცნება“ გაიგებს და დარწმუნდება, რომ დღეს ევროპა დგას ქართველი ხალხის გვერდზე, დღეს ევროპას სურს, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. მთავარი წინაღობა ამ პროცესში არის ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, რომელიც საქართველოს საგარეო კურსს ცვლიან და ანტიდასავლურ კამპანიას აწარმოებენ ქვეყანაში. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ამ შეხვედრაზე მოხდებოდა ამ საკითხების განხილვა და მთავარი დღის წესრიგი ამ კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში არის მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას გათავისუფლება, 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება, რამაც მთლიანობაში უნდა უზრუნველყოს ქვეყნისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება,“ – აღნიშნა ბეჟაშვილმა.
გარდა ამ საკითხისა, ბეჟაშვილი ჟურნალისტებთან საუბარში „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ სურვილია, სრულად კონტროლირებადი გახადონ ეროვნული ბანკი და შესაბამისად, მათ პარტიულ, ეკონომიკურ დღის წესრიგს დაუქვემდებარონ ეროვნული ბანკის საქმიანობა.
„კონსტიტუციურად ეროვნული ბანკი უნდა იყოს დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც ფულად საკრედიტო პოლიტიკას გაატარებს და ერთგვარი მთავრობის საფინანსო კონტროლის ინსტიტუტიც უნდა იყოს საზოგადოების მხრიდან, თუმცა ჩვენ ვხედავთ სურვილს „ქართული ოცნებისა“, რომ პრაქტიკულად ხელში ჩაიგდონ, მიიტაცონ ეროვნული ბანკი, ამით აკონტროლონ ფულადი ნაკადები ქვეყანაში, ფულად საკრედიტო პოლიტიკა სრულად აკონტროლონ და შესაბამისად, მათ პარტიულ, ეკონომიკურ დღის წესრიგს დაუქვემდებარონ ეროვნული ბანკის საქმიანობა,“ – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.