ქართველების სათქმელი სომეხმა თქვა – “რუსეთი ჩვენს რეგიონში მოვიდა, როგორც ევროპული ძალა”

სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ინტერვიუ მისცა რუსულ გაზეთ “კომერსანტს”. ინტერვიუს ფარგლებში მან ნიშანდობლივი აზრი გამოხატა, რომელიც საქართველოს ისტორიასაც პირდაპირ ეხება:

“ჩვენ ვითარებას არ ვუყურებთ ისე, რომ არჩევანი უნდა გავაკეთოთ ევროპასა და რუსეთს შორის. რუსეთი ჩვენთვის ევროპული ქვეყანაა. სომხეთიც ევროპული ქვეყანაა, ბელარუსიც”, – ამბობს ინტერვიუში სომხეთის მთავრობის მეთაური.

სომხებსაც ჰყავდათ თავიანთი სულხან-საბა ორბელიანი: “ისრაელ ორი, რომელიც ცნობილია სამხრეთ კავკასიაში რუსეთის მოსვლის ინიციატორად, თავისი მისიით ჯერ ევროპაში იმყოფებოდა. მან სცადა სომხეთში ევროპული არების მოზიდვა, რათა ევროპელებს ჩვენი რეგიონი თურქებისა და სპარსელებისაგან გაეთავისუფლებინათ. ორი ჯერ გერმანიაში იმყოფებოდა, პფალცში, შემდეგ ავსტრო-უნგრეთს ეწვია. და, ლეოპოლდ პირველმა, წმინდა საღვთო რომის იმპერატორმა რეზიდენციით ვენაში, ურჩია მას, თხოვნით მიემართა რუსეთის იმპერატორ პეტრე პირველისათვის” – გაიხსენა ისტორია ფაშინიანმა.

“ევროპელმა მონარქებმა ურჩიეს სომხებს, რომ რუსეთის დახმარებით ევროპას დაკავშირებოდნენ. ანუ რუსეთი ჩვენს რეგიონში ევროპულ ძალად მოვიდა. რუსული კულტურა და ცივილიზაცია ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია. ეს არ არის მხლოდ ჩვენი თანამედროვე აღქმა – ეს ისტორიული აღქმაა. მართალია, რუსეთი ევრაზიული ცივილიზაციის ნაწილიცაა. რუსეთი აღმოსავლეთისა და დასავლეთის ჰარმონიული თანაარსებობის მაგალითია.

მე-18 საუკუნეში სომხური ელიტის წარმომადგენლები მუშაობდნენ იმაზე, რომ რუსეთი ჩვენს რეგიონში შემოსულიყო. რატომ ხდებოდა ეს? იმიტომ, რომ ისინი სიტუაციას აღიქვამდნენ ისე, რომ რუსეთი შემოვიდოდა ჩვენს რეგიონში და თან მოიტანდა ევროპულ ფასეულობებს”, – ამბობს ფაშინიანი.

“ჩვენთვის არჩევანი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის არ დგას. ჩვენ ვართ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრები და ამავე დროს გვაქვს ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის ხელშეკრულება ევროკავშირთან. რუსეთი არ გახლავთ ევროკავშირთან ჩვენი თანამშრომლობის წინააღმდეგი, ხოლო ევროკავშირი არ ეწინააღმდეგება ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ჩვენს წევრობას” – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.