ირაკლი კობახიძე მრავალი თაობის აღმზრდელი და პედაგოგია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი შრომები და განსაკუთრებით, მისი საუკეთესო ნაშრომი – საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია მრავალი თაობისთვის დარჩება სამართლებრივი აზროვნების, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის სანიმუშო მაგალითად. ხოლო, რაც შეეხება სააკაშვილის ამორალურ იდეოლოგიას ფრანკლინის კლუბის ან ნებისმიერი სხვა მჭექარე სახელწოდებით, ის შარშანდელი თოვლივით გაქრება, რადგან ჩვენმა საზოგადოებამ ის უკვე დიდი ხანია მოისროლა ისტორიის სანაგვეზე და მისი რეინკარნაციის ნებისმიერი მცდელობა მარცხისთვისაა განწირული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ისტორია არაერთ ფაქტს ინახავს, როდესაც საკუთარი მიზნების მისაღწევად, ახალგაზრდა ადამიანებით მანიპულირება ხდება.
„სამწუხაროდ, ამ მდარე იდეოლოგიით თავგზააბნეული ახალგაზრდა ბრმა იარაღად იქნა გამოყენებული სააკაშვილის მორალის, უფრო სწორედ კი ამორალურობის მეხოტბეების მიერ რაც პირდაპირი მნიშვნელობით ფსკერს ქვემოთ დაშვებაა და საკუთარი უღირსი შინაგანი ბუნების თვითლუსტრაციაა არა იმ ახალგაზრდა ადამიანისთვის, რომელიც ჩვენი შვილების თანატოლია და ვისაც წინ მთელი ცხოვრება ელოდება, არამედ იმ ძალებისთვის, რომლებსაც 2012 წელს ქართულმა საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ ჩამოართვა სახელისუფლებო მანდატი და ახლა ახალგაზრდებისთვის ტვინის გამორეცხვით ცდილობს საკუთარი ბნელი დღის წესრიგის რეალიზებას“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.