კერძო და საჯარო სკოლის მასწავლებლებს ერთი წუხილი აქვთ, ეს არის ბიუროკრატია, რომელიც მათ სამინისტროს მხრიდან დაევალათ, – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ წევრმა ქეთევან თურაზაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, ეს ბიუროკრატია მასწავლებლებს მთელ დროს ართმევს, რაც მათ სჭირდებათ, რათა მოამზადონ ხარისხიანი გაკვეთილი ბავშვებისთვის და ასევე მათ საერთოდ აღარ რჩებათ დრო პირადი ცხოვრებისთვის.
„მე ვისურვებდი, რომ მშობლები მთელი წლის განმავლობაში ჩართული ყოფილიყვნენ საკუთარი შვილების სწავლის პროცესში, რადგან სკოლებში სწავლის ხარისხს ეს ნამდვილად გააუმჯობესებს. გამოდის, რომ სახელმწიფო ხელს უშლის მასწავლებლებს შეასრულონ ყველაზე მთავარი – მისცენ ჩვენ შვილებს განათლება. ამაში განათლების სამინისტრო ხელს უშლის მასწავლებლებს. როდესაც მინისტრი იყო პარლამენტში მოსული ის დაგვპირდა, რომ ამ ბიუროკრატიას გააუქმებდა და მასწავლებლებს საშუალება ექნებოდათ გაეკეთებინათ თავისი საქმე, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს ვხედავთ, რომ დაპირება დაპირებად რჩება და მასწავლებლებს იგივე პრობლემა აქვთ. იმედს ვიტოვებ, რომ ახლა კარგი დრო არის ცვლილებებისთვის, რადგან იწყება არდადეგები და სამინისტროს აქვს დრო, რომ ეს შეცვალოს და ახალი სასწავლო პროცესი როდესაც დაიწყება, მასწავლებლები უნდა გავათავისუფლოთ ამ წნეხისგან და მივცეთ საშუალება, რომ ჩვენ შვილებს ხარისხიანი განათლება მისცენ“, – განაცხადა ქეთევან თურაზაშვილმა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.