ყველაფერს თავისი ეთიკა აქვს, გამოხატვასაც, სიტყვის თქმასაც, მაგრამ რაღაცას უზნეოდ როცა აკეთებენ, ეს აღარაფერ საზღვარში აღარ ჯდება, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში დღეს მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, უზნეო საქციელია, რაც დღეს პარლამენტში მოხდა.
„მინდა, ვისარგებლო შესაძლებლობით და ყველა ჩემს კოლეგას, ვისაც დღეს შეურაცხყოფა მიაყენეს, ბოდიში მოვუხადო. სამწუხაროდ, ისე ხდება ხოლმე, რომ ადამიანური ფაქტორები ბევრი ადამიანისთვის გამოსაყენებელი ხდება მერკანტილური მოტივებით და იდეებით. ეს ცუდი ამბავია. მინდა, ყველას სახელით ბოდიში მოვუხადო იმ ბავშვებს, რომლებმაც დღეს ძალიან დიდი სტრესი განიცადეს. ეს არის სისაძაგლე. ყველაფერს თავისი ეთიკა აქვს, გამოხატვასაც, სიტყვის თქმასაც, მაგრამ როცა ამ ეთიკას არაფერს დაუდევენ, რაღაცას სხვანაირად, უზნეოდ აკეთებენ, ეს აღარაფერ საზღვარში აღარ ჯდება და ძალიან ცუდი ამბავია. ყველამ თავისი თავი შეაფასოს და საკუთარ გულში ჩაიხედოს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პლენარული სხდომის მიმდინარეობისას, ერთ-ერთმა მოქალაქემ გადმოფინა ბანერი შეძახილით – „არა რუსულ კანონს“. დარბაზში ხმაურის გამო პარლამენტის თავმჯდომარემ ნახევარსაათიანი შესვენება გამოაცხადა.