სტიქია გურჯაანის მუნიციპალიტეტში – რა ვითარებაა ამ დროისთვის ადგილზე

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ამ დროისთვის გაწმენდილია ცენტრალური მაგისტრალი და შიდა გზების ნაწილი.

„ამ ეტაპზე პარალიზებული ცენტრალური ქუჩის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. პროცესში ჩართულია მერიის ყველა სამაშველო სამსახური. მეზობელი მუნიციპალიტეტები გვეხმარებიან მძიმე ტექნიკით. ამ ეტაპზე ზარალი ჯერ დათვლილი არ არის. საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის“, – განაცხადა გურჯაანის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლერი გელენავამ.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მთელი ღამის განმავლობაში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაზე მუშაობდნენ. დატბორილია ქუჩები, კორპუსებისა და კერძო სახლების პირველი სართულები და სარდაფები. დაზიანებულია ათობით ავტომობილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.