თემურ ჭყონია „მაკდონალდის“ განცხადებაზე: მე წავაშლევინე, რადგან ბოდიში ჩემთან შეთანხმებული არ იყო

რა თქმა უნდა, მე წავაშლევინე, რადგან ბოდიში ჩემთან შეთანხმებული არ იყო, – ამის შესახებ „მაკდონალდს საქართველოს“ პრეზიდენტმა, თემურ ჭყონიამ „ქრონიკასთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.

„მე, როგორც მოქალაქეს, ბიზნესმენს, ის გლობალური კამპანია, რასაც „მაკდონალდსი“ აწარმოებს, „ჰეფი მილის“ წიგნების დარიგებით, სადაც ცნობილი ადამიანების ბავშვობის ისტორიას ეცნობიან, თუ როგორ შეუძლიათ წარმატებას მიაღწიონ, მე მიმაჩნია სწორად და საბოდიშო არაფერია. მე მიმაჩნია, რომ ეს არ არის ლგბტ-ს პროპაგანდა. ბოდიშის მოხდა – ჩემთვის ეს სამარცხვინო განცხადებაა, რომელიც ჩემთან შეთანხმებული არ იყო“, – თემურ ჭყონიამ.

„მაკდონალდს საქართველომ“ ელტონ ჯონის ბროშურასთან დაკავშირებით ჯერ ბოდიში მოიხადა, თუმცა მოგვიანებით პოსტი წაშალა.

რამდენიმე დღის წინ „მაკდონალდსში“ „ჰეფი მილის“ მენიუში სასაჩუქრედ გამოჩნდა წიგნი, რომელშიც მუსიკოს ელტონ ჯონის ცხოვრების შესახებ წერია. რამდენიმეგვერდიან წიგნში გადმოცემულია მუსიკოსისა და მისი სამოქალაქო პარტნიორის, დევიდ ფერნიშის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ.