„სტრატეგია აღმაშენებელი“ ბლოკში თუ იქნება და სადმე ერთიანობას დავაპირებთ, აუცილებლად არა მესამე ცენტრი, არამედ პირველი იქნება, გპირდებით, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ მიხეილ სააკაშვილის მიერ ოპოზიციის გაერთიანების მოწოდების შესახებ საუბრისას აღნიშნა.
როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, მუშაობენ ისეთი ცენტრის ფორმულირებაზე, რომელიც გამარჯვებისთვის იბრძოლებს.
„სააკაშვილი, როგორც საქართველოს პატრიოტი ამბობს, რომ მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ რა უფლება გვაქვს ვინმეს დავუშალოთ ან არ დავუშალოთ ამ პროცესში მონაწილეობა. ეს არის ბუნებრივი პროცესი. რაც შეეხება გაერთიანების საკითხს, „სტრატეგია აღმაშენებელი“ თუ იქნება ბლოკში და სადმე ერთიანობას დავაპირებთ, აუცილებლად არა მესამე ცენტრი, არამედ იქნება პირველი, გპირდებით. ჩვენ ისეთი ცენტრის ფორმულირებაზე ვმუშაობთ, რომელიც გამარჯვებისთვის იბრძოლებს. ასევე, მხარს ვუჭერთ და მივესალმებით მეორე და მესამე ცენტრის არსებობას. ჯამში, ოპოზიციამ უნდა მოუგოს ხელისუფლებას. „სტრატეგია აღმაშენებელს“ ამ ეტაპზე არანაირი წითელი ხაზები არ აქვს არცერთ პროდასავლურ პარტიასთან. კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ საარჩევნო სტრატეგიებიდან და მიზნებიდან გამომდინარე, არჩევნებთან ერთად. მანამდე, მზად ვართ, ყველა პროდასავლურ პარტიასთან თანამშრომლობისთვის, კოორდინაციისთვის“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
რაც შეეხება პოლიტიკაში დაბრუნებას, მანგალაძის თქმით, მისთვის მიხეილ სააკაშვილი არც არასდროს ყოფილა ქართული პოლიტიკის მიღმა.
„ის ყოველთვის იყო და იქნება ფაქტორი, როგორც მესამე პრეზიდენტი და ადამიანი, რომელმაც ბევრი პოზიტიური როლი შეასრულა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. მოსწონს ვინმეს თუ არა, სააკაშვილი ყოველთვის იყო და იქნება პოლიტიკური ფაქტორი საქართველოში. „ქართული ოცნება“ როგორ საუბრობს პასპორტზე, ბიძინა ივანიშვილმა კამპანია რომ დაიწყო, საფრანგეთის მოქალაქე იყო საერთოდ. სააკაშვილის გავლენის მასშტაბი პასპორტზე არ არის დამოკიდებული“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.