ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე, რომელსაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ბრალდების მხარეს გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.
როგორც სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განუცხადა, საკუთარ სიტყვაში იმ მტკიცებულებებს შეაფასებს, რომელიც საქმეზე არსებობს.
“დღევანდელ სხდომაზე დასკვნით სიტყვას ვიტყვით, მიმოვიხილავთ საქმეში არსებულ მტკიცებულებებს
დეტალურად გავარჩევთ, თუ რას ადასტურებენ. აღნიშნული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება წარმოდგენილი ბრალდებულების ბრალეულობა. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სასამართლომ საბოლოო ჯამში, ერთადერთი, სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს გამამტყუნებელი განაჩენის სახით”, – განაცხადა ტყეშელაშვილმა.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატებს გამამართლებელი განაჩენის გამოტანილის მოლოდინი აქვთ. დასკვნით სიტყვას ადვოკატები შემდეგ სხდომაზე წარმოთქვამენ.
ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი – ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა. მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე 9 პირია ბრალდებული, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, ნაწილ მათგანს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება დაუმძიმა. კერძოდ, ბრალი დაუმძიმდათ – “გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს უხარისხო სამუშაოების შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია (სსკ-ის 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი), ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი).”გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს დევი კახოიძეს – ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტი) და ,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს ნუგზარ ქიტიაშვილსა და ამავე კომპანიის ექსპერტს დავით თუშიშვილს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი).