ნატო-ს ლიდერები ვილნიუსის სამიტზე უკრაინას ალიანსში გასაწევრიანებლად ოფიციალურად არ მიიწვევენ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბერლინში, ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ვილნიუსის სამიტზე და სამიტისთვის მზადებისას ჩვენ არ განვიხილავთ ოფიციალური მოწვევის გაცემას“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.
ამასთან, მისი თქმით, სამართლიანი მშვიდობის მიღწევა კონფლიქტის გაყინვას და რუსეთის მიერ ნაკარნახევი შეთანხმების მიღებას არ ნიშნავს.
„ჩვენ ყველას გვსურს, რომ ეს ომი დასრულდეს, მაგრამ სამართლიანი მშვიდობა არ ნიშნავს კონფლიქტის გაყინვას და რუსეთის მიერ ნაკარნახევი შეთანხმების მიღებას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.