იდეალური შემთხვევა იქნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილს მართლა აღესრულებინა ის, რასაც ამბობდა – რომ პოლიტიკიდან მიდიოდა და უკრაინაში რომ დაბრუნებულიყო, ბევრად უფრო საინტერესო პოლიტიკური ცხოვრება გვექნებოდა, – ამის შესახებ ალექსანდრე რაქვიაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა. ამასთან, „გირჩის“ წევრი მიიჩნევს, რომ უკეთესია ექსპრეზიდენტმა საკუთარ პარტიას ღიად უხელმძღვანელოს, ვიდრე ფარულად.
რაქვიაშვილმა „ნაცმოძრაობის“ ირგვლივ სხვა ოპოზიციური პარტიების გაერთიანებაზეც ისაუბრა.
„ჩემი აზრით, სააკაშვილის ღიად დაბრუნება პოლიტიკაში შინაარსობრივად ნიშნავს იმას, რომ ვინც „ნაცმოძრაობის“ ორბიტაზე მოძრაობს, „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველზე პარაზიტირებს და „ნაცმოძრაობის“ სიით ოცნებობს მოხვდეს პარლამენტში, დიდი სიამოვნებით გაერთიანდებიან. მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით პარტია მაინც სხვაა, ვიდრე ლევან ხაბეიშვილის ან ნიკა მელიას ლიდერობით.
პოლიტიკური სპექტრი აწყობილია ფულზე. სადაც ფულის წყარო მოდის, იქ მოდის უმრავლესობა. „ნაციონალურ მოძრაობას“ გარდა ფულისა აქვს მიხეილ სააკაშვილის რეიტინგი. არ ვიცი საჯაროდ ვინ რას ამბობს, მაგრამ მე რაც ვიცი, ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა ოპოზიციონერი დიდი ხანია მუშაობს იმაზე, რომ „ნაცმოძრაობასთან“ რაღაც ფორმით გაერთიანდეს. უბრალოდ, რადგან „ლელო“ გამოჩნდა, რომელსაც ასევე ფული აქვს, იყოფიან – ვიღაცას „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა, ვიღაცას „ლელო“, რომელიც, ჩემი აზრით, იდეურად დაახლოებით იგივე ადგილზე დგას, სადაც „ნაცმოძრაობა“. ამიტომ, ჩემი აზრით, მთელი ამბავი ამაში გადის – ვინ სად წავა ფულის გამო. ჩვენ, რადგან იდეოლოგიური პარტია ვართ, ამას გარედან ღიმილით ვაკვირდებით, იმიტომ რომ ჩვენ გვაწყობს, რომ ასე მოხდეს“, – აცხადებს რაქვიაშვილი.