“დამსხვრეული ოცნებების პარტია ბოლომდე შეეკრა კრიმინალურ სამყაროს და სამწუხაროდ პოლიციელის მუნდირი შეურაცხყო იმიტომ, რომ პოლიცია ვეღარ იცავს კრიმინოგენულ სიტუაციას, მათ მხოლოდ პოლიტიკური დავალებები აქვთ,”- ასე გამოეხმაურა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, ახალქალაქში განვითარებულ მოვლენებს.
“მათ ეუბნებიან, რომ კრიმინალები გარეთ უნდა გამოუშვან და ხდება ის, რაც ხდება. ხომ ხედავთ უკვე აუტანელია, ადამიანს ეშინია საკუთარი ბავშვის ქუჩაში გასეირნების, საღამოს ხალხს ეშინია ქუჩაში გასვლის. ეს უსამართლობა უნდა შეიცვალოს 31 ოქტომბერს, პოლიციას უნდა დაუბრუნდეს ღირსება და პოლიციას უნდა ჰქონდეს ერთი მითითება, რომ დაიცვას საზოგადოებრივი უსაფრთხოება. არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ კრიმინალების მფარველობა სახელმწიფოს მხრიდან,”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა ახალქალაქში. ორ ჯგუფს შორის შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა.
გავრცელებული ინფორმაციით, მასიური შეტაკება ქალაქში ორ ჯგუფს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთი ახალგაზრდა მოკლეს. ამის შემდეგ ერთ-ერთი სასტუმროს კარებები და ფანჯრები ჩაამტვრიეს და ცეცხლი გაუჩინეს. დამწვარია კიდევ 2 სახლი.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში Report.ge-ის განუცხადეს, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობისა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.
ახალქალაქში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს.
წყარო: report.ge