საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი გურგენიძემ დეპუტატებს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები გააცნო, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მისი თქმით, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონის ამოქმედებიდან დღემდე გამოვლენილი გამოწვევების აღმოსაფხვრელად საჭირო გახდა ცვლილებების მომზადება, რაც შესაძლებლობას მისცემს საპენსიო სააგენტოს უფრო ეფექტურად განახორციელოს დაგროვებითი საპენსიო სქემის მართვა და ადმინისტრირება.
მისივე განმარტებით, ერთმანეთისგან გაიმიჯნება საპენსიო სააგენტოს საოპერაციო და საინვესტიციო მიმართულებები. ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაა, პორტფელების განაწილების საკითხი.
კომიტეტმა განხილულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.