გიგა ბოკერია – „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერობით ვერც ივანიშვილის რეჟიმს დავამარცხებთ და ვერც ჭაობიდან ამოვიყვანთ ქვეყანას

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობას“ არ გააჩნია არც ფასეულობები და არც პრინციპები.

ბოკერიას განცხადებით, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ საქციელი არის საუკეთესო საჩუქარი ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდისთვის.

მისი თქმით, სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ არათანმიმდევრულობის, ტყუილისა და აბსურდული ქმედებების გამოყენებით ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდა ცდილობს მთლიანად პროდასავლური საზოგადოებისა და მთლიანი ოპოზიციის დისკრედიტაციას.

„ყველა მოქალაქემ, რომელიც ვარდების რევოლუციის იდეალების გამო ან ივანიშვილის რეჟიმის შეცვლის მოტივით აქამდე მხარს უჭერდა ენმ-ს, უნდა იცოდეს, რომ ამ გუნდის ლიდერობით ჩვენ ვერც ივანიშვილის რეჟიმს დავამარცხებთ, ვერც ამ ჭაობიდან ამოვიყვანთ ქვეყანას და ვერც თავისუფლებისკენ გადავდგამთ ნაბიჯს.

ეს არის გუნდი, რომელსაც აღარ გააჩნია არც ფასეულობები და არც პრინციპები, ამიტომ, მოგიწოდებთ მხარი დაუჭიროთ იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, ვინც საკუთარი პრინციპებისა და სიტყვის ერთგულია”, – განაცხადა ბოკერიამ.