ოპოზიციონერი დეპუტატი, რომან გოცირიძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციის მიმართ შეცვლილ სტრატეგიას ეხმიანება.
„როდესაც მიზანი გაერთიანებაა და შემდეგ ყოველ განცხადებას გაერთიანების ნაცვლად უფრო დაცილება მოსდევს, ბუნებრივია, ეს მიუთითებს ან შეცდომებზე, ან პოლიტიკურ მოუმწიფებლობაზე ან უბრალოდ, უპასუხისმგებლობაზე. ამას სჭირდება მშვიდი კონსულტაციები და არა პოლიტიკური განცხადებები და მოწოდებები“, – განაცხადა გოცირიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციონერ კოლეგებს საარჩევნოდ არა გაერთიანებას, არამედ საერთო სტრატეგიას სთავაზობს და აქვე განმარტავს, რომ პარტიას შედეგის მისაღწევად თავად სხვა პოლიტიკური ძალების დახმარება არ სჭირდება. ოპოზიციონერი კოლეგები „ნაცმოძრაობას“ ჩამოყალიბებისკენ მოუწოდებენ, „ქართული ოცნებაში“ კი ხაბეიშვილის ინიციატივებს არასერიოზულად უყურებენ.