ანდრეა მეტელკო-ზგომბიჩი: დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მინიჭებულ ღია ევროპულ პერსპექტივას

ჩვენ ვიქნებით საქართველოს ძლიერი მხარდამჭერი, მაგრამ საქართველომ თავის მხრივ უნდა შეასრულოს საშინაო დავალება. ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები მთელი წლის განმავლობაში, – ამის შესახებ ხორვატიის სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ საქმეებში, ანდრეა მეტელკო-ზგომბიჩმა განაცხადა.

მან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივაზე ისაუბრა.

„ჩვენ განვიხილავთ იმ საკითხებს, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია გაერთიანების მომავლისთვის და ეს არის ევროკავშირის გაფართოება. ხორვატია ევროინტეგრაციას განიხილავს ძლიერ მექანიზმად, გარანტიად სტაბილურობისთვის, კეთილდღეობისთვის, უსაფრთხოებისთვის ევროპის კონტინენტზე.

იმისათვის რომ ამ მიზანს ერთად მივაღწიოთ, აუცილებელია, ვიმუშაოთ ორ პროცესზე. პირველი, უნარი კანდიდატი ქვეყნების შეასრულონ განსაზღვრული რეკომენდაციები და დააკმაყოფილონ კრიტერიუმები და მეორე, შევაფასოთ ორგანიზაციის მზაობა ახალი წევრებისთვის და მოვამზადოთ შემდგომი გაფართოებისთვის.

ხორვატიას აქვს გამოცდილება და ჩვენ ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გაწევრიანების პროცესი, მზადება გასაწევრიანებისთვის და ტრანსფორმაცია. როდესაც ტრანსფორმაციას აქვს ადგილი, მაშინ გაწევრიანებაც და გაფართოებაც წარმატებული იქნება. ეს ეხება კანდიდატებსაც და ევროკავშირსაც.

ჩვენ ვართ მობილიზებული, მოწადინებული, შევთავაზოთ კანდიდატებს დახმარება. აღმოვუჩინოთ ყოვლისმომცველი მხარდაჭერა მათ, ვისაც აქვს სურვილი, ძლიერად ჩაერთოს ამპროცესში და ეს პროცესი წარმატებად აქციას ქვეყნისა და ევროკავშირისთვის. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ევროკომისიის ზეპირ მოხსენებას სამ ქვეყანაზე. მოვისმენთ თითოეული ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე ინფორმაციას და ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით პროცესს.

საქართველოზე მინდა აღვნიშნო, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის მიერ მინიჭებულ ღია ევროპულ პერსპექტივას და აუცილებელია ამ მომენტის გამოყენება. ჩვენ ვიქნებით საქართველოს ძლიერი მხარდამჭერი, მაგრამ საქართველომ თავის მხრივ უნდა შეასრულოს საშინაო დავალება. ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები მთელი წლის განმავლობაში და გადაწყვეტილებას მივიღებთ წლის ბოლოს. დეკემბერში იქნება საბოლოო გადაწყვეტილება“, – განაცხადა ანდრეა მეტელკო-ზგომბიჩმა.

საქართველო ევროკომისიის შუალედური ანგარიშს ელოდება. დღეს სტოკჰოლმში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი, ევროპის საქმეთა მინისტრებთან ერთად, ასოცირებული ტრიოს მიერ მიღწეულ შედეგებზე იმსჯელებს.