ჟაირ ბოლსონარუს შესაძლოა 8 წლით პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება აეკრძალოს

ბრაზილიის უზენაეს სასამართლოში დაიწყო პროცესი, რომლის შედეგადაც ქვეყნის ექსპრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს შესაძლოა 8 წლით პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება აეკრძალოს. ამის შესახებ BBC წერს.

ბოლსონარუს ბრალი ედება ძალაუფლების გადამეტებაში და საპრეზიდენტო არჩევნების წინ ბრაზილიის საარჩევნო სისტემის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში. მიუხედავად იმისა, რომ საქმე სისხლის სამართლებრივ ხასიათს არ ატარებს, მოსამართლეებს შეუძლიათ, ბოლსონარუს 8 წლით პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება აუკრძალონ.

ბოლსონარუს ჯერჯერობით არ უთქვამს, რომ 2026 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, თუმცა მან განაცხადა, რომ „გამოიყენებს საკუთარ გამოცდილებას, რათა „ლიბერალურ პარტიას“ მუნიციპალური არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიაში დაეხმაროს“.

ბოლსონარუმ ბრაზილია 2022 წლის ბოლოს, თავისი უფლებამოსილების ამოწურვამდე 48 საათით ადრე დატოვა და მხოლოდ სამი თვის შემდეგ, 30 მარტს დაბრუნდა.

საპრეზიდენტო არჩევნებში ჟაირ ბოლსონარუს დამარცხებამ ქვეყანაში დემონსტრაციების ტალღა გამოიწვია. ბოლსონარუმ და მისმა მხარდამჭერებმა უკანასკნელი არჩევნების შედეგები არ აღიარეს, ახლად არჩეული პრეზიდენტის, ლულა და სილვას ინაუგურაციის შემდეგ კი ბოლსონარუს მხარდამჭერებში პროტესტი გამძაფრდა, რაც არეულობაში გადაიზარდა. დედაქალაქში დემონსტრაციის დროს ბოლსონარუს მომხრეები პრეზიდენტის სასახლეში, ასევე კონგრესისა და უზენაესი სასამართლოს შენობებში შეიჭრნენ.

ბოლსონარუ გამოძიების ერთ-ერთი ფიგურანტი გახდა. გამოძიების ცნობით, ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება იყოს ქვეყნის დედაქალაქ ბრაზილიაში გამართული ძალადობრივი საპროტესტო აქციების ერთ-ერთი წამქეზებელი და იდეოლოგი. დანაშაულში ბოლსონარუს თანამონაწილეობის მტკიცებულებად პროკურორები სოციალურ ქსელებში მის განცხადებებს მიიჩნევენ. 10 იანვარს ბოლსონარუმ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც კიდევ ერთხელ შეიტანა ეჭვი 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების სამართლიანობაში, მოგვიანებით კი ვიდეო წაშალა.