„ჯორჯიან მანგანეზი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, მზად არიან თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსენსუსის შემთხვევაში, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცენ.
„ჯორჯიან მანგანეზის“ არაერთი მცდელობისა და შეთავაზების მიუხედავად, რომ დასაქმებულებსა და დამსაქმებელს შორის შეთანხმება შემდგარიყო, თანამშრომელთა ნაწილმა პროტესტის რადიკალურ ფორმას მიმართა.
კომპანიისთვის თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვა და მათი უსაფრთხოება ჩვენი მთავარი ღირებულებაა. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანია ეხმაურება მიმდინარე აქციებზე არაერთგზის გაჟღერებულ მოთხოვნას, რომ ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს გადაეცეთ.
ჩვენი მიზანია, შექმნილი კრიზისული სიტუაცია დროულად მოგვარდეს, შეწყდეს პროტესტის რადიკალური ფორმა, თანამშრომლები სამუშაო პროცესს დაუბრუნდნენ, აღდგეს ქალაქის ყოველდღიური ცხოვრების რიტმი. ამისათვის კომპანია მზად არის, თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსესუსის შემთხვევაში, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს“, -აცხადებენ კომპანიაში.
ამასთან, გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნის საფუძველზე და საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, კომპანიამ გადაწყვიტა ჭიათურაში დასაქმებულთა ნაწილის ანაზღაურება გაასაჯაროოს.
„აღნიშნული გადაწყვეტილება, კომპანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც გაფიცულებმა ანაზღაურების შესახებ არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს. საუბარია კომპანიაში დასაქმებულ იმ თანამშრომლებზე, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ საპროტესტო აქციებში“, – განმარტავენ „ჯორჯიან მანგანეზში“.