შეიარაღებული ფორმირება „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ მისმა მებრძოლებმა დონის როსტოვი დაიკავეს.
„შევდივართ როსტოვში. თავდაცვის სამინისტროს ძალები, რომლებსაც ჩვენთვის გზა უნდა გადაეკეტათ, გვერდზე გადგნენ. ჩვენ არ ვხოცავთ ბავშვებს, ამას აკეთებს შოიგუ, რომელიც გამოუცდელ ჯარისკაცებს, მათ შორის სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფებს ომში აგზავნის. ჩვენ მხოლოდ პროფესიონალებს ვებრძვით“, – აცხადებს პრიგოჟინი.
მოგვიანებით მან კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, რომელიც როსტოვში, სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბის შენობაშია გადაღებული.
„შტაბში ვიმყოფებით, ვაკონტროლებთ როსტოვის სამხედრო ობიექტებს, მათ შორის აეროდრომს“, – აცხადებს „ვაგნერის“ ხელმძღვანელი.
რუსული მედიის ცნობით, ქალაქის ცენტრში შეიარაღებული ადამიანები და ტანკები გამოჩნდა. ამ ეტაპზე უცნობია, ვინ არიან სამხედროები, რომლებიც ქალაქის ადმინისტრაციის, შსს-ს და „ეფესბეს“ სამმართველოებს აკონტროლებენ – „ვაგნერის“ მებრძოლები, თუ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეები.
როსტოვის ოლქის გუბერნატორმა, ვასილი გოლუბევმა მოსახლეობას მოუწოდა, ქალაქის ცენტრში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ და შეძლებისდაგვარად სახლებში დარჩნენ.
მანამდე შეიარაღებული ფორმირება „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის შეიარაღებული ძალები „ვაგნერის“ ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. პრიგოჟინის თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოატყუა „ვაგნერის“ დაჯგუფება და პირობა დადო, რომ უპასუხებს ამ სისასტიკეს.
რუსეთის თავდაცვის უწყებაში უარყვეს პრიგოჟინის განცხადება და აღნიშნეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას და წარმოადგენს საინფორმაციო პროვოკაციას. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა,დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ინფორმირებულია „ვაგნერის“ დაჯგუფების ირგვლივ შექმნილი ვითარების შესახებ.
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა „ვაგნერის“ დაჯგუფების ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით.