ამერიკულმა დაზვერვამ ვერ აღმოაჩინა პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ Covid-19-ის ინფექცია უჰანის ლაბორატორიიდან ვირუსის ნიმუშის გაჟონვის შედეგად გავრცელდა. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის (ODNI) ოთხგვერდიან ანგარიშშია ნათქვამი.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ამერიკული სადაზვერვო სააგენტოები არ გამორიცხავენ, რომ ვირუსი ლაბორატორიიდან გავრცელდა, თუმცა ამის დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებები ამ დრომდე ვერ მოიპოვეს.
1 მარტს აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორმა, კრისტოფერ რეიმ განაცხადა, რომ Covid-19 დიდი ალბათობით „ჩინეთის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არსებულ ლაბორატორიაში“ შეიქმნა. მანამდე ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ Covid-19-ის ინფექცია, სავარაუდოდ, უჰანის ლაბორატორიიდან ვირუსის ნიმუშის გაჟონვის შედეგად გავრცელდა.