მოლდოვაში პარტია „შორი“, რომელიც ცოტა ხნის წინ არაკონსტიტუციურად გამოცხადდა, ქმნის ახალ პოლიტიკურ ფორმირებას – „შანსს“, – ამის შესახებ პოლიტიკური ძალის ლიდერმა, ილან შორმა განაცხადა.
მედიის ცნობით, თავად შორი ახალ პარტიაში „პოლიტიკური კოორდინატორის“ თანამდებობის დაკავებას გეგმავს.
პოლიტიკური ძალის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ აპირებს მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პარტია „შორის“ უკანონოდ ცნობის შესახებ.
„ეს ბლოკი განახორციელებს ყველა იმ პროექტს, რასაც პარტია „შორი“ ადრე ახორციელებდა“, – აღნიშნა შორმა.
ამასთან, ილან შორმა განაცხადა, რომ ახალი ფორმირების მიზანია, მოიგოს ადგილობრივი, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, ასევე „მოლდოვა გახდეს მდიდარი, აყვავებული, ჭეშმარიტად დამოუკიდებელი ქვეყანა“.
„ჩვენი ბლოკი ღიაა ყველასთვის, ვისაც ბედნიერი და აყვავებული მოლდოვის აშენება სურს. ბლოკის მუშაობის პოლიტიკური კოორდინატორის როლს ჩემს თავს ვუტოვებ“, – აღნიშნა შორმა.
შეგახსენებთ, 19 ივნისს მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ მთავრობის მოთხოვნით გამოაცხადა გადაწყვეტილება პარტია „შორის“ საქმიანობის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. პარტია არაკონსტიტუციურად ცნეს უკანონო დაფინანსების, ამომრჩევლის მოსყიდვისა და მომიტინგეების მოსყიდვის დადასტურებული ფაქტების საფუძველზე. ამის შემდეგ მოლდოვის პარლამენტმა მხარი დაუჭირა პარტია „შორის“ ლიკვიდაციას.