ირაკლი ზარქუა – კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ ხელმოცარულებს

კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ ხელმოცარულებს, რომლებიც წინასწარმეტყველებდნენ, რომ ჯგუფი ჩამოვიდა, რათა სანქცია დაედო ქვეყნისთვის ან ვემხილებინეთ, რომ რომელიმე ქვეყანა ცდილობდა, საქართველო სანქციების გვერდის ავლისთვის გამოეყენებინა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ვიზიტით მყოფმა ო’სალივანმა, ჯეიმს ო’ბრაიენმა და კუმარ აიერმა სანქციებთან დაკავშირებით გამოწვევების სათანადოდ გამკლავებისთვის საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადეს.

„პირიქით, გუშინ განაცხადეს, რომ მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას, რადგან მათ შეძლეს, გამოწვევა და პრობლემა დაძლეული ყოფილიყოო. ასევე, მოისმინეთ სალივანისა და ჯგუფის დანარჩენი წევრების პოზიცია ქართული სახელმწიფოს მიმართ, მათ შორის მმართველი პარტიის და ხელისუფლების მიმართ სამადლობელი განცხადებები. თქვეს, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც პირნათლად იცავს იმ საერთაშორისო სანქციებს, რაც დაწესებულია ოკუპანტი სახელმწიფოს მიმართ. ოპოზიციაში ახლა უკვე სხვა ტაქტიკას მიმართეს, ნარატივი შეცვალეს ჩვენმა ხელმოცარულებმა, რომლებიც პარლამენტში სხედან, თავიანთი პროპაგანდა შეატრიალეს. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ რადიკალური ოპოზიცია აქცენტირებულია, საზოგადოებაში განხეთქილება და ქაოსი შეიტანოს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და შექმნას განცდა, თითქოს საქართველო არ იზიარებს და არ უერთდება საერთაშორისო სანქციებს. ახლა მაინც ხომ მიხვდნენ, რომ არასწორ გზას ადგანან. არც 12-პუნქტიან გეგმაში ივარგეს, არც სანქციებთან დაკავშირებით პოზიციებში, საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებენ, თანაც რა დროს, როცა ყოველდღე ველოდებით კანდიდატის სტატუსს. ეს არის მათი სახე და ხელწერა. ამიტომაც არიან პოლიტიკურ მოუსავლეთში“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ვიზიტის ფარგლებში, ჯიმ ო’ბრაიენმა და კუმარ აიერმა გუშინ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ჯიმ ო’ბრაიენმა აღნიშნა: „საქართველოში შეხვედრები კარგად ასახავს მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც გვაქვს მთავრობასა და სხვადასხვა სააგენტოსთან, ჩვენი მიზანია, გავაგრძელოთ თანამშრომლობა“. ამასთან, კუმარ აიერის თქმით, „მადლობელი არიან ყველა ნაბიჯის გამო, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიერ გადაიდგა სანქციებისთვის გვერდის ავლის აღკვეთისთვის“.

ამავდროულად, ვიზიტის ფარგლებში გამართულ ბრიფინგზე სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა აღნიშნა: „დავრწმუნდით, რომ საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად უდგება საკითხს, ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის, ქვეყანას პოზიტიური შთაბეჭდილებით ვტოვებთ“.