დიდი ხანია, ვაკვირდებით ძალადობის კულტივირებას ქართულ საზოგადოებაში. სამწუხაროდ, ხდება ძალადობის წაქეზება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი ამაზე დიდი ხანია, საუბრობს და ყველას მოუწოდებს, ძალადობის წახალისება დასრულდეს.
„მაგალითად, გვახსოვს, რამდენიმე თვის წინ პარლამენტთან ადამიანმა „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა პოლიციელს, ცოცხლად წვავდა მას. დღემდე ემპათიით საუბრობენ ამ მოვლენასთან დაკავშირებით, რითაც ახალისებენ ძალადობას. არაერთხელ მითქვამს, რომ ძალადობა იწვევს ძალადობას. ზუსტად ვერბალური ძალადობით ხდება აგრესიის დაგროვება. შემდეგ ეს გადადის ფიზიკურ ძალადობაში. ჩვენ ამაზე დიდი ხანია, ვსაუბრობთ და მოვუწოდებთ ყველას, ძალადობის წახალისება დამთავრდეს. არა მხოლოდ წახალისება, ძალადობის იდეის დაფინანსება ხდება. „გირჩი მეტი თავისუფლების“ შემთხვევაში ვნახეთ, სემინარებზე ძალადობრივ რევოლუციაზე არის საუბარი. მათ შორის, ევროპული და ამერიკული ფონდებით ფინანსდება, როგორ ხდება იარაღის აწყობა-დაშლა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ასევე პრობლემას წარმოადგენს აგრესიული რიტორიკა.
„რიტორიკა რომ არის პრობლემა, ამაზე ვსაუბრობთ. აქაც უნდა შევხედოთ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს, საიდან მოდის ეს რიტორიკა, როგორ დაიწყო, როგორ აღმოჩნდა ღია ეთერებში, მათ შორის მედიის წარმომადგენლების მხრიდან, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. ყველამ გავიხსენოთ, როგორ დაიწყო აგრესიული რიტორიკა ჩვენს მედიაში და პოლიტიკურ დისკუსიაში. შეგახსენებთ, რომ 12 რეკომენდაციის შესრულების ფარგლებში, პირველი პუნქტი დეპოლარიზაციას ეხება. პარლამენტი დღემდე აწარმოებს მონიტორინგს პოლიტიკოსების მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენებაზე. რამდენჯერმე მოვუწოდე არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, ოპოზიციურ პარტიებსაც, ჩაერთონ ჯგუფში, რათა თვითრეფლექსირება მოვახდინოთ, ვინ იყენებს, რატომ იყენებს. ძალადობის მთავარი მიზეზია, რომ ხდება ძალადობის კულტივირება, მათ შორის ძალადობრივი რიტორიკით, აგრესიული რიტორიკით. ეს ყველაფერი შედის სპირალში და სწორედ ამ შედეგამდე მივყავართ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.