პროტესტის მე-3 დღე საფრანგეთში – ქვეყნის მასშტაბით 421 ადამიანი დააკავეს

საფრანგეთში პოლიციელის მიერ 17 წლის ახალგაზრდის მოკვლის გამო დაწყებული საპროტესტო აქციები მესამე დღეა გრძელდება.

როგორც „ბიბისი“ წერს, სამართალდამცველებსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება იყო პარიზში, მარსელში, ლიონში, ტულუზასა და ლილში.

ადგილობრივი დროით 03:00 საათისთვის ქვეყნის მასშტაბით 421 ადამიანი დააკავეს.

პარიზის აღმოსავლეთით ხელკეტებით აღჭურვილმა ახალგაზრდებმა შუშები ჩაამსხვრიეს ბანკებში, აფთიაქებში, რესტორანსა და სხვა დაწესებულებებში.

საფრანგეთის პრეზიდენტმა მარსელში ოფიციალური ვიზიტის დროს განაცხადა, რომ მოზარდის მკვლელობა მიუტევებელია.

„ვერაფერი გაამართლებს ახალგაზრდის მკვლელობას“, – თქვა მაკრონმა.

17 წლის მოზარდი ორმა პოლიციელმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო გააჩერა.

გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთ პოლიციელს მისთვის იარაღი აქვს დამიზნებული. ის გასროლის შედეგად ადგილზე დაიღუპა.