ევროკავშირის ლიდერებმა ევროკომისიას დაავალეს, გამოვიდეს წინადადებით, რომელიც ფოკუსირებული იქნება რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან მოგებაზე, რათა დაეხმაროს უკრაინას აღდგენაში. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
ევროპელი ლიდერების ორდღიანი სამიტის შემდეგ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ „ჩვენ ვხედავთ მასიურ ნგრევას, რაზეც რუსეთი არის პასუხისმგებელი და დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი“.
„არ შეიძლება, რომ რუსეთმა გაანადგუროს უკრაინის ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი და არ შეუწყოს ხელი აღდგენას“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ „ჩვენ კვლავ მივიჩნევთ, რომ უნდა შევინარჩუნოთ ძალისხმევა ჩვენს პარტნიორებთან ერთად აქტივების მობილიზებისთვის უკრაინისა და უკრაინის მომავლის სასარგებლოდ“.