მინსკში სამართალდამცველები საპროტესტო აქციის მონაწილეების დასაშლელად რეზინის ტყვიებსა და ხმოვან ყუმბარებს იყენებენ.
ამჟამად მომიტინგეები ქალაქის ცენტრში, გამარჯვებულების გამზირზე იმყოფებიან, სადაც მათ მილიციელები უპირისპირდებიან.
აქტიურად მიმდინარეობს საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავება. როგორც სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტები ადგილიდან იუწყებიან, სამართალდამცველები საკმაოდ უხეშად მოქმედებენ.
ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80.23%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო მის მთავარ მეტოქეს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას – 9.9%-მა.
ბელარუსში სამართალდამცველებმა საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ქუჩაში გასული დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. ქვეყნის მასშტაბით დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებს ჰქონდა ადგილი. საპროტესტო აქციების მსვლელობისას სამართალდამცველებმა დაახლოებით 3 ათასი ადამიანი დააკავეს.
“იმედი”