„წითელი ფრთები” საქართველოში მოფრინავს – ფასები რადიკალურად იცვლება

რუსული დაბალბიუჯეტური აეროკომპანია Red Wings (“წითელი ფრთები”) 10 და 11 ივლისს მოსკოვი-ქუთაისი და სოჭი-თბილისის რეისებს შეასრულებს და ამით პირველად თავისი არსებობის მანძილზე  საქართველოს მიმართულებით ფრენებს განახორციელებს.

როგორც მოგეხსენებათ, „წითელ ფრთებს“ ჯერ კიდევ მაისის მეორე ნახევრიდან ჰქონდა საქართველოს შესაბამისი სამსახურების თანხმობა ქვეყანაში მოღვაწეობის შესახებ, მაგრამ დღემდე არაერთხელ გადადო დაანონსებული რეისები.

Red Wings, ისევე როგორც „აზიმუტი“, საქართველოს მიმართულებით ფრენებს ადგილობრივი სამამულო წარმოების სუხოის „სუპერჯეტის“ საშუალებით განახორციელებენ, რომლის ბორტი 100 მგზავრს იტევს. ახალი კომპანიის ქართულ ბაზარზე შემოსვლამ უკვე იქონია ზეგავლენა ბილეთების ფასებზე – მომხმარებლის სასიკეთოდ. მაგალითისთვის, ბილეთის ფასი 22 000 რუბლამდე დაეცა, რაც 700 ლარის ტოლფასია. სოჭი-თბილისის ბილეთის ფასი კი კომპანიის ვებგვერდის ინფორმაციით, სტაბილურად 280 ლარი ღირს. კომპანია საკუთრებაში ფლობს 19 ერთეულს სუხოის „სუპერჯეტს“.

რუსული კომპანიის მხრიდან ფასების დაგდებას, ქართულმა ფლაგმანმაც აუბა მხარი და უკვე დილიდან სისტემაში ბილეთები მოსკოვიდან და მოსკოვის მიმართულებით 800 – 1000 ლარამდე იძებნება. ანუ მდიდარ ქართულ ენაზე რომ ითქვას, „რედ უინგმა“ შეაფუცხუნა მანამდე არსებული გადამყვანები.

ცოტა ირონიაც რომ გავურიოთ აღნიშნულ მოცემულობას, ჰელენ ხოშტარიას და მის ამფსონებს ივლისის მძიმე ორი დღე უდგათ წინ. ჯერ კოპიტნარის აეროპორტში უნდა ჩავიდნენ და იქედან ოპერატიულად თბილისისაში გადაინაცვლონ. მათთვის ხომ პატრიოტიზმი „სუპერეჯეტების“ დევნაა…

ჯერ-ჯერობით, კვლავ უცნობია მესამე რუსული აეროკომპანიის IRAERO -ს საქართველოში მოღვაწეობის ბედი. ინფორმაცია მათი განაცხადის შესახებ ქართული მხარის მიერ ჯერ არ გახლავთ დაკმაყოფილებული. აქვე კითხვა ისმება, კიდევ რომელ კომპანიას შეუძლია განახორციელოს საქართველოს მიმართულებით ოპერირება ? ასეთი სისტემაში კიდევ ერთი მოიძებნა და ის დაბალბიუჯეტური SmartAvia გახლავთ, თუმცა კომპანიას საკუთარ რიგებში მხოლოდ ამერიკული „ბოინგები“ და ევროპული „აირბასები“ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, მისი შემოსვლა ჩვენთან ნაკლებად სავარაუდოა. არადა, ამ ორი კომპანიის გამოჩენა კიდევ მეტად იმოქმედებდა ბილეთის ფასის კლების ტენდენციაზე.

 

ბექა კვიციანი