შალვა პაპუაშვილი – სამწუხაროდ, „გირჩის“ ამოცანა იყო და რჩება თავდაცვის კოდექსის ობსტრუქცია

რამდენი ხანიც დასჭირდება, იმდენ ხანს ვიმუშავებთ, შეგიძლიათ, თქვენი საზაფხულო გეგმები ამას მოარგოთ. სამწუხაროდ, „გირჩის“ ამოცანა იყო და რჩება ამ კანონის ობსტრუქცია და განხილვის პროცესისთვის ხელოვნურად ხელის შეშლა, ამიტომ არ გამოდიოდა აქამდე განხილვაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თავდაცვის კოდექსთან დაკავშირებით განაცხადა.

პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე თეონა აქუბარდიას უპასუხა.

„რამდენი ხანიც დასჭირდება, იმდენი ხანს ვიმუშავებთ, შეგიძლიათ თქვენი საზაფხულო გეგმები ამას მოარგოთ. რატომ არ გამოდიოდა აქამდე – ცნობილია, რატომაც არ გამოდიოდა. იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, პოლიტიკური ჯგუფის, „გირჩის“ ამოცანა იყო და, როგორც ჩანს, რჩება ამ კანონის ობსტრუქცია და განხილვის და მიღების პროცესისთვის ხელოვნურად ხელის შეშლა. საგაზაფხულო სესიის განმავლობაში ჩვენ გვქონდა სხვა საკითხები, ჩვენი ხალხისთვის მნიშვნელოვანი კანონპროექტები, რომლებიც ხელოვნური ობსტრუქციის გამო შეიძლება შეფერხებულიყო, მათ შორის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებული კანონების მიღება. ამიტომაც მორიგ სესიაზე არ იყო გამოტანილი და ავიღეთ ცალკე დრო რიგგარეშე სესიის სახით, ვნახოთ, ახლა რამდენი ხანი გაგრძელდება. თქვენ თქვენი სცადეთ და პარლამენტი განიხილავს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია დაინტერესდა, აქამდე რატომ არ მოხდა თავდაცვის კოდექსის მეორე მოსმენით განხილვა და რა აუცილებელი იყო ჯერ პროექტის რიგგარეშე სხდომაზე გატანა.

„მაინტერესებს თავდაცვის კოდექსის საკითხი, რომელიც მეორე მოსმენაზე, დიდი ხანია, უნდა ყოფილიყო და არ ყოფილა. რიგგარეშეზე გამოგაქვთ და თან არის მეორე მოსმენა. ჩემთვის გაუგებარია, ჯერ რა აუცილებელი იყო რიგგარეშეზე ამის გამოტანა, აქამდე რატომ არ მოხდა მისი განხილვა, თუმცა რახან მეორე მოსმენაა, რიგგარეშეთი ვაპირებთ მიღებას თუ საშემოდგომოზე გადავა?“ – იკითხა თეონა აქუბარდიამ.