მოწოდება და პოზიცია, რომ საქართველო უნდა შევიდეს უფრო მეტ დაპირისპირებაში რუსეთის ფედერაციასთან, ეს არის წინდაუხედავი პოლიტიკა, რომელსაც, მათ შორის, პრეზიდენტიც სიამოვნებით მიჰყვება და თავს წარმოაჩენს უფრო მეტ კათოლიკედ, ვიდრე რომის პაპია, ეს არის არასწორი დამოკიდებულება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.
გია ვოლსკის კითხვა დაუსვეს პრეზიდენტის იმ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოს რუსეთთან მიმართებით არა სტრატეგიული მოთმინების, არამედ დათმობის პოლიტიკა აქვს.
ვოლსკის თქმით, „პრეზიდენტის დაყენებული საკითხები, რომელზეც იჩემებს, რომ კომპეტენცია აქვს, უნდა გადაიხედოს მისი მხრიდან, თუ სურვილი აქვს, რომ ობიექტური იყოს“.
„გარკვეულ თემაზე სამეზობლოში რომ კამათია, პრეზიდენტის არგუმენტები იმას დაემსგავსა. მას აგრესიის ნებისმიერი გამოვლინება თავის დროზე უნდა დაეგმო, მათ შორის მის მიმართ, როცა უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებდნენ. ასევე, მაშინ უნდა გამოეთქვა პროტესტი, როცა ადამიანს თავში ნაგვის ურნა ჩაარტყეს და თავზე ნაგავი დააყარეს. ასევე მაშინაც, „მოლოტოვის კოქტეილებს“ რომ ისროდნენ. პრეზიდენტს შენიშვნები ერთი და მეორე მხარის მიმართაც უნდა ჰქონდეს. ეს მისი მოვალეობაცაა, რასაც არ მიმართავს და ურჩევნია, გარკვეული პოლიტიკური პლატფორმიდან ისაუბროს. უკრაინის შემდეგ მსოფლიოში არ მეგულება ისეთი ქვეყანა, ვინც ისეთი სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას, როგორც საქართველო, რომლის ტერიტორიების 20 პროცენტი არის ოკუპირებული. მოწოდება და პოზიცია, რომ საქართველო უნდა შევიდეს უფრო მეტ დაპირისპირებაში რუსეთის ფედერაციასთან, ეს არის წინდაუხედავი პოლიტიკა, რომელსაც, მათ შორის, პრეზიდენტიც სიამოვნებით მიჰყვება და თავს წარმოაჩენს უფრო მეტ კათოლიკედ, ვიდრე რომის პაპია. ეს არასწორი დამოკიდებულებაა. რას ჰქვია, საქართველოს სტრატეგიული მოთმინება არ აქვს და დათმობის პოლიტიკა აქვს? აბა, როგორი უნდა იყოს, ფრენების აკრძალვა, სანქციების დაწესება? გიჟურ წინადადებას უნდა წავყვეთ, სჯობს, თავზე ბომბები გვეყრებოდეს? პრეზიდენტის გაგებით რომელი პოლიტიკაა სწორი? ვფიქრობ, პრეზიდენტის მიერ დაყენებული საკითხები, რომელზეც იჩემებს, რომ კომპეტენცია აქვს, გადახედილი უნდა იყოს მისი მხრიდან, თუ სურვილი აქვს, რომ ობიექტური იყოს, რასაც ვერ ვატყობ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.