საპარლამენტო რესპუბლიკაში, სადაც ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის ორგანო არის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი და პარლამენტს უფლებამოსილებას უზრდი, ეს ყოფილა თურმე ინსტიტუტების მიზანმიმართული დასუსტება , – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ცესკო-ს არჩევის წესზე მსჯელობისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას ან მართლა არ ესმის ამ საკითხის მნიშვნელობა, ან სურს, რომ ქვეყანაში მუდმივად იყოს არეულობის კერა და ვერ მოხერხდეს არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება.
„დისკუსია მიდის ისე, რომ ზოგჯერ მართლა ვფიქრობ, ადამიანები ვერ ხვდებიან, რაზე ვსაუბრობთ. ამ შემთხვევაში, ოპოზიციას ვგულისხმობ, რადგან საუბრობენ ინსტიტუტების მიზანმიმართულ დასუსტებაზე, ე.ი. საპარლამენტო რესპუბლიკაში, სადაც ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის ორგანო არის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი და პარლამენტს რომ უფლებამოსილებას უზრდი, ეს ყოფილა თურმე ინსტიტუტების მიზანმიმართული დასუსტება.
აქ აღსანიშნავია, თუ რატომ ხდება უფლებამოსილების გაზრდა. ეს ხდება იმიტომ, რომ თავიდან ავიცილოთ პერმანენტული კრიზისი და უბრალოდ ის უმნიშვნელოვანესი ორგანო, რომლის არსებობასა და გამართულ ფუნქციონირებაზე არის დამოკიდებული არჩევნების ბედი და ისიც, საერთოდ იქნება თუ არა ქვეყანაში სტაბილურობა (ვგულისხმობ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას), მისი არჩევის დროს რომ გამოვრიცხოთ ხარვეზები, ამისთვის ნორმალური, გამართული ინსტიტუტის და ნორმალური კანონის შემოღება, ისეთი კანონის, როგორიც არის ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში, თურმე ეს ყოფილა ინსტიტუტების მიზანმიმართული დასუსტება. ეს ნიშნავს, რომ ადამიანებს ან საერთოდ არ ესმით, რა არის პარლამენტი, არ ესმით, რა არის დემოკრატია, ან უბრალოდ სურთ, ქვეყანაში იყოს მუდმივი, პერმანენტული კრიზისი და რაღაცნაირად ვერ მოხერხდეს ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ, მშვიდად არჩევნების ჩატარება და ცხოვრების მშვიდ კალაპოტში მოქცევა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.