2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა დარბევისა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეზე ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების პროცესი დღეისთვის არის ჩანიშნული. საქართველოს პირველ არხს ერთ-ერთი ბრალდებულის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განუცხადა, რომ სააკაშვილი სავარაუდოდ ონლაინ ჩაერთვება. მისივე თქმით, ამ საქმეზე ერთ-ერთი მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილი ახალი მოსამართლით შეიცვალა, შესაბამისად, ამ გარემოების საფუძველზე საქმის ხელახლა განხილვის დაწყებას მოითხოვენ.
ადვოკატის განმარტებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე,დღესვე ექნებათ გარკვეული სამართლებრივი საკითხების შუამდგომლობა, რასაც დავის მხარე წინასწარ არ აკონკრეტებს.
აღნიშნული საქმის პროკურორმა, ლაშა ცხვიტარიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, რომ სასამართლოდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ სხდომაა ჩანიშნული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვასთან დაკავშირებით. მისივე განმარტებით, ამ საქმეზე სააკაშვილის გარდა, არიან სხვა პრალდებულებიც, მერაბიშვილი, ადეიშვილი, კეზერაშვილი, უგულავა.
ადეიშვილს და კეზერაშვილს დაუსწრებლად აქვთ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნის შესაბამისად, ორ თვეში ერთხელ ისინჯება. დღეს სწორედ ეს საკითხი უნდა განიხილოს სასამართლომ. პროკურორი აღნიშნავს, რომ სააკაშვილის ჩართვისა და ადვოკატების შუამდგომლობების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
ყოფილ მაღალჩინოსნებს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან, რაც 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია სამი მოსამართლის შემადგენლობით იხილავს.